მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ასევე, მიმართა ოპოზიციას და საზოგადოებას.

  • ეს არის პრეზიდენტის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და ამით მმართველი პარტიის დეპუტატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

"ჩემი დუმილის დრო დასრულდა" — ასე დაიწყო ზურაბიშვილმა 4-წუთიანი სატელევიზიო მიმართვა. თქვა, რომ თავს იკავებდა, სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა.

ძირითადი აქცენტები:

"გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს"

  • "ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღეს დღეობით იყო დარჩენილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად, ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის.
  • ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, ასევე უნდა რცხვენოდეს. მხოლოდ სამმა ადამიანმა გადაარჩინა გარკვეულწილად, საკუთარი რეპუტაცია უფრო, ვიდრე — საკონსტიტუციოსი."

"დღეს, სცადეს, ერთი ქვით მოეკლათ ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც"

  • "ეს [საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება], ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ასეთი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთის — პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმენს, რომ მე არსად მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ამ ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.

სალომე ზურაბიშვილი

"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, მათს ოცნებებს არ გავამართლებ და არსად წავალ"

  • "ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ეს არის ოცნების მცდელობა, მაგრამ ოცნების ოცნების დრო დამთავრდა, მათს ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის; ეს მე არ მაინტერესებს,

მე მაინტერესებს, სად უფრო გამოვადგები ამ ქვეყანას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, თუ როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს — ამას ახლო მომავალი გვეტყვის"

  • თქვენ მინდა გითხრათ, რომ მჯერა, რომ საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული და ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს.
  • პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე, თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად.

"მივმართავ ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ"

  • "პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია და მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ.
  • შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვას მომცემენ, თუ არადა გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე".