ჩეჩენ კაცს შვეიცარიაში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს, რის გამოც მას ჩეჩნეთში დეპორტაცია ელის. შვეიცარიაში მიიჩნიეს, რომ სამშობლოში დაბრუნება მისთვის "უსაფრთხო" იქნება.

40 წლის ალი ბატაევი უკრაინიდან ევროპაში 2022 წელს წავიდა საცხოვრებლად — მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ის შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა გასული წლის ბოლოს დააკავეს და მას შემდეგ, სადეპორტაციო ცენტრში იმყოფებოდა.

შვეიცარიაში განდევნილი იჩქერიის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ლაჩინ მამიშოვი აცხადებს, რომ ბატაევის უფლებები შეილახა, რადგან მისთვის არ გამოიყო თარჯიმანი და არ ჰყავდა წარმომადგენლად ადვოკატი.

"შვეიცარიელი სამართალდამცველები გეგმავენ, ბატაევი რუსეთში გაგზავნონ, სადაც მას, კადიროვის რეჟიმის კრიტიკის გამო, სიკვდილი ელის", — განაცხადა მამიშოვმა, RFE/RL-ის ინფორმაციით.

ადამიანის უფლებების ჩეჩნური ჯგუფი Vayfond-ი, რომელიც ბატაევს წარმოადგენს, ამბობს, რომ დაკავებული კაცის ცოლმა შვეიცარიელი სამართალდამცველებისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ "ჩეჩნეთში გარემო მუდმივად, სულ უფრო უმჯობესდება".

მათივე ცნობით, წერილის მიხედვით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა რესპუბლიკაში ასევე უმჯობესდება და რუსული და ჩეჩნური უშიშროების ძალები, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, აღარ ამოწმებენ, ან აპატიმრებენ ადამიანებს.

როგორც "ვეიფონდის" წარმომადგენელმა OC მედიასთან სამშაბათს თქვა, შვეიცარიის მტკიცება, რომ ჩეჩნეთი უსაფრთხოა, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"დიდ გამბედაობას მოითხოვს, ამტკიცო ისეთი რამ, რაც დიამეტრულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას და ობიექტურ რეალობას. ასევე, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს ამ გადაწყვეტილების მიმღები პირების სინდისისა და მორალის ნაკლებობასთან" — განუცხადეს მათ OC მედიას.

"ვეიფონდის" იურისტმა OC მედიასთან თქვა, რომ ახმად და რამზან კადიროვების მმართველობის რეჟიმმა, ასევე - რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ბევრი ჩეჩენი აიძულა, თავშესაფარი ევროპაში მოეძებნა.

"თავშესაფრის მიცემაზე ბევრი უარია. ლტოლვილები იძულებული არიან, სასამართლოს მიმართონ. გადაწყვეტილებებში კი აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდია და ჩეჩნებს შეუძლიათ, არა ჩეჩნეთში, არამედ სხვა ტერიტორიაზე იცხოვრონ," - თქვა მან.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.