მოკლედ: მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC). ორგანიზაცია ეხმიანება 23, 24 და 26 იანვარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლების გეგმას. ამ მომენტში აღსრულების ბიურო კეკელიძის #1-დან ხატიაშვილების გასახლებას ცდილობს.

რა ვიცით ამ ოჯახების მდგომარეობის შესახებ:

  • ხატიაშვილების ოჯახის (კეკელიძის ქ. 1) გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა; აქედან ბოლო მცდელობა 2023 წლის 23 იანვარს იყო, თუმცა, მაშინ პროტესტის გამო, გასახლების პროცესი შეჩერდა.
  • კაკიაშვილების ოჯახს (ც. დადიანის ქ. 259) — დედასა და ორ არასრულწლოვან შვილს, გავრცელებული ინფორმაციით, მევახშეებმა ორი ბინა წაართვეს და ამჯერად მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან (მიშენებიდან) გამოსახლებას აპირებენ;
  • ბალახაძეების შვიდსულიან ოჯახს (ზანდუკელის ქ. 2), რომელიც ორსული, არასრულწლოვანი, შშმ პირი და ხანდაზმული წევრებისგან შედგება, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებს.

"აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ", — აცხადებს SJC.

ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ

  • მსგავსი შემთხვევები საქართველოში გამონაკლისს არ წარმოადგენს.
  • "მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა — მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება", — ნათქვამია მათ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ამ პროცესში სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა:

"წლების განმავლობაში, გამოსახლებისას სახელმწიფო სრულ იგნორირებას უწევს გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას, ოჯახში არასრულწლოვნების, ორსულების, ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების არსებობას, ასევე, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკებს.

  • მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გამოსახლების საქმეებში სასამართლო რგოლის ჩართვა მოხდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობას აქცევს ყურადღებას, ხოლო გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების სათანადო საცხოვრებლის უფლებას კი — უგულებელყოფს.
  • მეტიც, არსებული სისტემის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე, მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულება, რაც მოვალეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის", — მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ასევე, პრობლემაა რომ გამოსახლებამდე, გამოსახლების დროსა და მის შემდგომ, ადამიანების დაცვისა და დახმარების მექანიზმები (მათ შორის, ღირსეული ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა უსახლკაროთათვის) პრაქტიკულად არ არსებობს, რაც ოჯახების მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს.

SJC აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოსახლების პრევენციის პოლიტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო კანონმდებლობით სახელმწიფო უწყებებისთვის გაწერილი არ არის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოსახლების თავიდან აცილებისა და გამოსახლებული ოჯახებისთვის ღირსეული ალტერნატიული საცხოვრისისა და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზების მიმართულებით.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ:

დამატებით პრობლემურია საქართველოში დამკვიდრებული გამოსახლების პრაქტიკა, როდესაც აღმასრულებლები ფიზიკური ძალის გამოყენებით და ღირსების შემლახველი ფორმებით ახდენენ ოჯახების საცხოვრისიდან გამოყვანას და პირადი ნივთების ღია ცის ქვეშ გამოტანას.

  • ამ დროისთვის არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო გარანტიებიც კი, როგორიცაა, ზამთრისა და ღამის პერიოდში გამოსახლების აკრძალვა, და მოწყვლადი ჯგუფების ქუჩაში გამოსახლება, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
  • ბოლო პერიოდის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცალკეული ოჯახების გამოსახლების პრევენცია საზოგადოების აქტიურობითა და აღმასრულებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხდება, რაც მხოლოდ დროებით ავადებს შინამეურნეობების გამოსახლების პროცესს. მოსახლეობის მობილიზების მნიშვნელობა კარგად ესმის სახელმწიფოსაც, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ ყველანაირი ღონისძიება გამოიყენოს გამოსახლების პრევენციისა და ოჯახების სათანადო მხარდაჭერისთვის, ამ კვირაში რამდენიმე გამოსახლება ჩანიშნა, რამაც, შესაძლოა, ხალხის მობილიზების ხარისხზე იმოქმედოს და უფრო მარტივი გახადოს გამოსახლება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის რეკომენდაციებია:

  • საქართველოს მთავრობას: დროებითი ზომის სახით დააწესოს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებაზე, რომლის განმავლობაშიც დახვეწს გამოსახლების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პოლიტიკას (მათ შორის, გამოსახლების პრევენციის მიმართულებით) და თავიდან აირიდებს უკიდურესად მოწყვლადი ოჯახების ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩენას;
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს: უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების მიმდინარე მძიმე შემთხვევებში, შეასრულოს შუამავლის როლი გამსესხებლებსა და ოჯახებს შორის, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ვალდებულების დაფარვის შესახებ და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები, ოჯახების უსახლკაროდ დარჩენის თავიდან ასაცილებლად.