მოკლედ: კეკელიძეზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით, რომლიდანაც მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლეს, შეთანხმება შედგა.

დეტალები: ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატმა გაავრცელა.

გიორგი სუხიტაშვილის თქმით, უძრავ ქონებას, ძველ მფლობელს, გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ.

  • კონკრეტულად, მარინა ხატიაშვილმა ბინა, 1 თვის ვადაში, 90 000 აშშ დოლარად უნდა გამოისყიდოს.
  • ამას გარდა, ხატიაშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის და მისი მხარდამჭერები "შეწყვეტენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას, შანტაჟსა და მუქარას დარეჯან დვალის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, როგორც მედიასაშუალებებში, ასევე, სოციალურ ქსელებსა და პირად გზავნილებში";

რას ამბობს მარინა ხატიაშვილი: ის On-ge-სთან შეთანხმებას ადასტურებს და ამბობს, რომ ეცდება საკმარისი თანხა მოაგროვოს.

  • "70 ათასი [დოლარი] ხელში მიჭირავს, ეს არის, ახლობლების, ჩემი და ჩემი შვილის მეგობრების მიერ მობილიზებული თანხა. [დამრჩა] 20 ათასი, ერთ თვეში... ძალიან ადვილად უყურებენ, მე არ ვუყურებ ასე ადვილად. ალბათ შევძლებთ [გადახდას], რადგან სიტყვას რომ იტყვი, ის სიტყვა აღარ უნდა გატეხო".
  • რაც შეეხება პირობას, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მხარდამჭერების ქცევაზე, მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამ პირობის მიცემა მას არ შეუძლია.
  • "მე როგორ უნდა მივცე გარანტიები მივცე, რომ ის აზვირთებული ხალხი გაჩერდება?! ასეთი რამ ხელშეკრულებაში არ წერია", — გვითხრა მარინა ხატიაშვილმა.

ბოლო ხაზი: თანხის სრულად გადახდამდე ოჯახი ბინაში შესვლას ვერ შეძლებს. ისინი ახლა, დროებით, სხვაგან ცხოვრობენ.

ამავე თემაზე: სახლი გამოსახლების შემდეგ — ფოტორეპორტაჟი