მოკლედ: "ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა, შემდეგ — სხვა დანარჩენი", — უთხრა ჟურნალისტებს 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მან საპატიმრო დატოვა გასულ, 14 თებერვლის ღამეს.

დეტალები: გიორგი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეანომობილით გადაიყვანეს თბილისიდან ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლში.

დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მადლობელია მათი, ვინც დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში:

  • "მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, თორნიკეს [დეკანოზის ძმა], რომელიც გაჭრილი იყო ველად ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში.
  • მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივსა და საერთაშორისოს. ამერიკისა და ნიდერლანდების მთავრობებს, რომლებიც იცავდნენ ჩემს უფლებებს.

  • მადლობა ყველა მიუკერძოებელ ჟურნალისტს, თუ მიკერძოებულს, არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა ყველას, ვინც აშუქებდა ჩემს მძიმე ტვირთს", — თქვა მან.

დეკანოზმა ახსენა მიტროპოლიტი დიმიტრიც (შიოლაშვილი): "ვწუხვარ, რომ მას არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა საშუალებას, დღესაც ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით. ამის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ის."

კონტექსტი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 25 ოქტომბერს მოინახულა საპატიმროში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. "გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, პატრიარქის პოზიცია არის ისევე გაორებული, როგორიც ყველა ჩვენთაგანის. თვითონ ამას ცის ჩამოქცევა უწოდა, გახსოვთ თქვენ. პატრიარქი ყველას გვანუგეშებს და თავის თავსაც, რომ ის ამის ჩამდენი არ უნდა იყოს. ყველზე მეტად ვისაც უნდა, რომ გიორგი მამალაძე გამართლდეს, ეს მე ვარ, მერწმუნეთ", — თქვა დეკანოზზე მიტროპოლიტმა.

წინაისტორია: გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს.

  • მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად.
  • შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბოლო ხაზი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მოიხადა 7 წელი 9-წლიანი პატიმრობიდან.