პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, გუბად იბადოღლუს ადვოკატი და ოჯახი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მას მკურნალობა შეუწყვიტა და პოლიტიკოსი, შესაძლოა, კომაში ჩავარდეს.

იბადოღლუ 2023 წლის ივლისში, ყალბი ფულის დაბეჭდვის, შეძენის ან გაყიდვისა და რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

ორშაბათს, მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ განაცხადა, რომ იბადოღლუს მკურნალობაზე უარს ეუბნებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აწუხებდა გულის პალპიტაცია და სისხლში შაქრის მაღალი დონე.

მისი თქმით, იბადოღლუ, შესაძლოა, კომაში ჩავარდეს, თუ საჭირო მკურნალობას არ მიიღებს.

"არსებობს ადგილი, რომელსაც სამკურნალო დაწესებულება ჰქვია — იქ პაციენტები ექიმის სრული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მკურნალობის შემდეგ აბრუნებენ იზოლირებულ პალატაში. მაგრამ ეს წესი, რა თქმა უნდა, არ ეხება გუბად იბადოღლუს”, — თქვა მან.

Meydan TV-სთან ინტერვიუში იბადოღლუს ძმა, გალიბ ბაირამოვი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირებს იმ ცუდ პირობებს, რომელშიც ის იმყოფება. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ იბადოღლუს ყოველდღიური ვარჯიშის უფლებაც არ მისცა.

"იუსტიციის სამინისტრომ გააყალბა ანალიზისა და ექსპერტიზის შედეგები. ჩემს ძმას არ აქვს ადეკვატური ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სამართლებრივი თვალსაზრისით — ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, ეს განიხილება არაადამიანურ მოპყრობად და წამებად“, — განაცხადა ბაირამოვმა.

იბადოღლუს დაკავების შემდეგ, ივლისში, მისი პარტიის ("აზერბაიჯანის დემოკრატიისა და კეთილდღეობის პარტიის") რამდენიმე წევრი დააკავეს. ამ კვირის დასაწყისში კი, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრს, აიუბ ჩალაბის 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.