მოკლედ: ესპანეთში იპოვეს მოკლული მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსი მფრინავია, რომელიც გასულ წელს უკრაინას ჩაბარდა.

  • მაქსიმ კუზმინოვი უკრაინის ტერიტორიაზე აგვისტოში შვეულმფრენით ჩაფრინდა.

დეტალები: ესპანეთის პოლიციას არ გაუსაჯაროებია კაცის ვინაობა, რომელიც ალიკანტესთან ახლოს გასულ კვირას მოკლეს.

  • თუმცა, უკრაინის დაზვერვამ კუზმინოვის გარდაცვალება ორშაბათს, 19 თებერვალს დაადასტურა.
  • "მან უკრაინაში დარჩენას ესპანეთში გადასვლა ამჯობინა", — თქვა უწყების წარმომადგენელმა უკრაინსკაია პრავდასთან, — "ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს მასთან ერთად გადასულიყო, ამის შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს".
  • ესპანეთის ხელისუფლებამ BBC-ს განუცხადა, რომ შესაძლებელია, მსხვერპლს ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონოდა.
  • ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ცნობით, კუზმინოვის ცხედარი იპოვეს ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ვილახოიოზაში, იქვე იყო მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ემთხვეოდა მის ეროვნებას, თუმცა არა სახელი და გვარი.
  • გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დანაშაულის ადგილას იპოვეს დამწვარი მანქანა, რომელსაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელები იყენებდნენ.

რა ვიცით რუს მფრინავზე: გავრცელებული ინფორმაციით, კუზმინოვი წინასწარ დაუკავშირდა უკრაინის საიდუმლო სამსახურს და აცნობა, რომ დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი.

  • 9 აგვისტოს ვერტმფრენში, რომელიც კუზმინოვმა უკრაინის ტერიტორიაზე დასვა, კიდევ ორი ადამიანი იჯდა, მათ მფრინავის გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ სცადეს, უკან, რუსეთის ტერიტორიისკენ გაქცეულიყვნენ, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და ორივე მათგანი გარდაიცვალა.
  • სროლის დროს ფეხის არეში დაიჭრა კუზმინოვიც, მან თქვა, რომ ცეცხლი რუსმა ჯარისკაცებმა გახსნეს.
  • სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მფრინავმა თქვა, რომ ის უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო.
  • უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუს მფრინავს შესთავაზეს უკრაინაში დარჩენა.

კუზმინოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ რუს მაღალჩინოსნებს, თუმცა დღეს, 20 თებერვალს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა თქვა: "ის მოღალატე და დამნაშავე მორალური გვამი იყო".

  • კუზმინოვის უკრაინაში გადასვლიდან მალევე, რუსულ სახელისუფლებო არხზე დაზვერვის სამსახურის ოფიცერმა თქვა, რომ მფრინავი "სასამართლოზე წარდგენამდე ცოცხალი აღარ იქნებოდა".