ერევანში, კანაკერ-ზეითუნის რაიონში მცხოვრებ 71 წლის ალბერტ არუსტამიანს ბრალს ხულიგნობაში სდებენ — გავრცელებული ინფორმაციით, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ვაშლი ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაშინიანი ნათესავს სტუმრობდა, რა დროსაც ალბერტ არუსტამიანმა მას ვაშლი ესროლა. თვითმხილველთა თქმით, ფაშინიანს ვაშლი არ მოხვედრია, თუმცა ადგილზე სასწრაფო დახმარება მაინც გამოიძახეს.

"თვითმხილველები ამბობენ, რომ ნიკოლ ფაშინიანს და მის დაცვას ეგონათ, რომ მათ ვაშლის ნაცვლად ყუმბარა ესროლეს და მაშინვე მიწაზე დაწვნენ", — წერს არუსტამიანის ადვოკატი რომან ერიციანი Facebook-ზე.

ადგილობრივების ცნობით, ინციდენტის შემდეგ, არუსტიმიანის ბინა გაჩხრიკეს რომ ნივთმტკიცებად ისეთივე ვაშლი ეპოვათ, როგორიც ფაშინიანს ესროლეს.

ადვოკატის თქმით, არუსტამიანი და მისი ორი ქალიშვილი და შვილიშვილი პოლიციის განყოფილებაში იძულებით გადაიყვანეს და იქ მომდევნო დღის 07:00 საათამდე გააჩერეს. ერიციანმა ასევე აღნიშნა, რომ არუსტამიანს დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ.


ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო თავდაპირველად სააგენტო ArmLur-მა გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ არუსტამიანის ბინას სამართალდამცველები.

25 აგვისტოს არუსტამიანს ხულიგნობაში ბრალი ოფიციალურად დასდეს, მაგრამ გამოძიების პროცესში გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ის არ დატოვებს ქვეყანას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 71 წლის კაცს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.


დაკავებულის ადვოკატმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ "ვაშლის სროლისთვის" სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეს რომ შემთხვეოდა, სამართალდამცავი ორგანოები სხვაგვარად მოიქცეოდნენ.

ერიციანმა 2023 წლის ინციდენტიც გაიხსენა. მაშინ სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრმა, გარენ მეგერდიჩიანმა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, შეფურთხებაში დაადანაშაულა. მეგერდიჩიანმა სიმონიანს მოღალატე უწოდა. თუმცა, სიმონიანმა ბრალდება უარყო და მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

წარსულში პოლიცია მსგავს შემთხვევებზე სწრაფად რეაგირებდა. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, ანტისამთავრობო პოდკასტის ორი წამყვანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მათ ეთერში ფაშინიანს და მმართველი პარტიის სხვა ფიგურებს მიაყენეს შეურაცხყოფა.

აპრილში კიდევ ერთი პირი, სომხეთის მმართველი პარტიის წევრის შეურაცხყოფისთვის, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას მას სასტიკად გაუსწორდნენ.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.