რა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის?
რატომ ცდილობენ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას? რამდენად შესაძლებელი იქნება აპლიკაციით სარგებლობა, თუ კანონს მიიღებენ?

ფოტო: CFOTO / Future Publishing / Getty Images
აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამ დღეებში TikTok-ის ბედს გადაწყვეტს. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოსამართლეები ემხრობიან კანონს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ეს აპლიკაცია აშშ-ში 19 იანვარსვე აიკრძალება.
TikTok მოკლე ვიდეოებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს. აკრძალვის ფარგლებში იგი Play Store-იდან და App Store-იდან გაქრება, ანუ აპლიკაციის აქედან გადმოწერა შეუძლებელი გახდება. წვდომის შეზღუდვა არამხოლოდ ჩვეულებრივ მომხმარებლებს გაანაწყენებს, არამედ მათაც დააზარალებს, ვისთვისაც TikTok შემოსავლის წყაროა.
უმაღლეს სასამართლოში დისკუსიებისას გასულ კვირას მოსამართლეთა უმრავლესობამ ერთ აქცენტზე გაამახვილა ყურადღება: ტიკტოკი ქვეყანაში ფუნქციონირებას შეძლებდა, თუ ByteDance-ისგან განსხვავებული ალგორითმი ექნებოდა; აღნიშნეს ისიც, რომ, როგორც ჩინურ კომპანიას, ByteDance-ს პირველი შესწორების დაცვითი მექანიზმები მას ნაკლებად აქვს.
ცნობისთვის, პირველი შესწორება აშშ-ის კონსტიტუციის ნაწილია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან თავისუფლებას იცავს. ესენია: სიტყვის, რელიგიის, პრესის, შეკრებისა და მთავრობისთვის პეტიციის წარდგენის უფლებები.
შეძლებენ თუ არა აშშ-ში TikTok-ის გამოყენებას?
აკრძალვის შემთხვევაში 19 იანვარს აპლიკაცია მაშინვე არ გაქრება მოწყობილობებიდან. თუკი მობილურში (ან სხვა მოწყობილობაში) TikTok უკვე გადმოწერილია, იგი არ წაიშლება. მეორე მხრივ, აპლიკაციაში განახლებები ვეღარ ჩაეშვება. შედეგად სხვადასხვა ხარვეზი იჩენს თავს და აპლიკაცია თანდათან უსარგებლო გახდება.
TikTok აშშ-ში არც ბრაუზერებიდან იქნება ხელმისაწვდომი, თუ VPN-ს არ გამოიყენებენ. VPN ტექნოლოგიაა, რომელიც ინტერნეტის ტრაფიკს შიფრავს და მომხმარებლის IP მისამართს ცვლის, შედეგად კი ვებსაიტი მის ადგილმდებარეობაზე არასწორ ინფორმაციას იღებს. ამ შემთხვევაში ვებსაიტი ვერ "მიხვდება", თუ ვინმე აშშ-იდან ეცდება TikTok-ზე შესვლას. VPN-ები ონლაინსივრცეში მარტივადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მომხმარებელი განახლებებს ვერ დააყენებს, თუ App Store-ზე მისი ანგარიში აშშ-სთან არის დაკავშირებული.
TikTok, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად გაითიშება, თუკი Oracle მის ვიდეოებზე წვდომის უზრუნველყოფას უცაბედად შეწყვეტს. კანონმა შეიძლება Oracle-ის კაპიტალიც დააზარალოს, რადგან კომპანიის აშშ-იდან მიღებულ მონაცემებს ინახავს.
შესაძლო აკრძალვის ფონზე TikTok-ის მომხმარებლები უკვე ცდილობენ, სხვა პლატფორმებზე გადაერთონ. ერთ-ერთი ასეთია Lemon8, რომელიც, მსგავსად ტიკტოკისა, ByteDance-ის პროდუქტია. პოპულარობა მოიპოვა ასევე ჩინურმა აპლიკაციამ, სახელად RedNote (ჩინურად 小红书, Xiaohongshu), რომელსაც ხალხი პროტესტის ნიშნადაც იყენებს. App Store-ის რეიტინგში მან ერთ-ერთ კატეგორიაში უკვე პირველი ადგილი დაიკავა. მსგავსად TikTok-ისა, ეს აპლიკაცია ვიდეოების განთავსებისა და პირდაპირი ჩართვის საშუალებას იძლევა.
რატომ ცდილობს აშშ-ის მთავრობა TikTok-ის აკრძალვას?
ცნობისთვის, Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, TikTok-ს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო აკრძალვას კი ამერიკელთა მხოლოდ 32% უჭერს მხარს.
მსგავსი ინიციატივით აშშ-ის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ცდილობს. TikTok-ს, ჩინურ აპლიკაციას, მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი.
კანონი ByteDance-ს, ტიკტოკის მფლობელ კომპანიას, 19 იანვრამდე აპლიკაციის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ-ში პლატფორმა აიკრძალება. ByteDance ამას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ პლატფორმაზე წვდომის ძალით შეჩერება არაკონსტიტუციურია, კერძოდ პირველი შესწორების უფლებებს არღვევს.
TikTok-ის აკრძალვის მოთხოვნა აშშ-ში კანონის (Protecting Americans from Foreign Adversary Controlled Applications Act) შედეგად გაჩნდა, რომელიც გასული წლის აპრილში ბაიდენმა გააფორმა. ცნობილია, რომ ხელახლა არჩეული ტრამპი წარსულში ასევე ცდილობდა აპლიკაციაზე წვდომის შეჩერებას, თუმცა მოგვიანებით მან TikTok-ის შენარჩუნებისადმი ღიაობა გამოხატა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ TikTok-ის აკრძალვის ბრძანება ნებისმიერ დროს შეიძლება გასცეს.
კომენტარები