როცა სხეული "საკუთარ თავს ჭამს": რა ხდება ორგანიზმში ხანგრძლივი შიმშილობის დროს

ფოტო: Gustave Dore / Bridgeman Images / meisterdrucke.us
გაფრთხილება: სტატიაში შიმშილობა და მისი ფიზიოლოგიური ზეგავლენაა მიმოხილული. შესაძლოა, შინაარსი ზოგიერთი მკითხველისთვის შემაწუხებელი ან საზიანო ქცევის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, კვებით დარღვევებზე ეჭვის შემთხვევაში სპეციალისტს მიმართოთ.
საკვები ერთგვარი საწვავია, რომლის ხარჯზეც ცოცხალი სხეულის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებას ვახერხებთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საწვავის გამოლევისას ავტომანქანა სიარულს უბრალოდ ვეღარ აგრძელებს და მუშაობას წყვეტს, თუმცა ადამიანის ორგანიზმი ასე როდია მოწყობილი.
საწვავის ნაკლებობის დროს სხეული არაერთ სტრატეგიას მიმართავს, რათა დეპრივაციასთან ადაპტირდეს და სიცოცხლე შეგვინარჩუნოს. მაშინ, როცა საკვებ ნივთიერებებს გარედან ვეღარ იღებს, იგი ალტერნატიულ გზებს მიმართავს და საკუთარი თავის "ჭამას" იწყებს.
შიმშილის 3 ეტაპი: რა ხდება, როცა ადამიანი ჭამას წყვეტს
ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, ჩვენს მომნელებელ სისტემაში სხვადასხვა მოლეკულად იშლება. საკვები ჩვენთვის შეიძლება უბრალოდ ორცხობილა იყოს, თუმცა სხეული მას უმთავრესად ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფორმით "ხედავს". აქედან ენერგიის მისაღებად უმეტესად ნახშირწყლები გამოიყენება.
თითქმის ყველა მონელებადი ნახშირწყალი საბოლოოდ გლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზაა სხეულისა და ტვინისთვის "საწვავი", ანუ ენერგიის უმთავრესი წყარო. როცა ორგანიზმს საკვები აღარ მიეწოდება, სხეული საწვავის "რეზერვს" მიმართავს და იწყება:
1. გლიკოგენის დაშლა
შიმშილის დაწყებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში სხეული ამ ნივთიერების მოხმარებაზე ერთვება. გლიკოგენი კომპლექსური ნახშირწყალია, რომელიც გლუკოზის მრავალი მოლეკულისგან შედგება. იგი ღვიძლსა და კუნთებში ინახება. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა ის, რომ შეგვიძლია სხეულში გლუკოზა "მოვიმარაგოთ" და "გამოვიზოგოთ", ანუ საწვავი უწყვეტად მოგვეწოდებოდეს და საკვების მიღება მუდმივად არ გვჭირდებოდეს.
გლიკოგენის მარაგი სხეულს დაახლოებით 12-24 საათის განმავლობაში ჰყოფნის. ამ დროის დასვლის შემდეგ მან ენერგიის ახალი წყარო უნდა იპოვოს. ასე იწყება:
2. კეტოზი, ანუ ცხიმის დაშლა
ზოგადად, როცა საჭიროზე მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, ეს ნივთიერებები ცხიმებად, ანუ ლიპიდებად, გარდაიქმნება. ზედმეტი ენერგია სხეულში სწორედ ამ სახით ინახება. როცა შიმშილის დროს ორგანიზმი საწვავის ნაკლებობას განიცდის, ცხიმის წვა იწყება.
ცნობისთვის: სხეული პარალელურად ცილებსაც მოიხმარს, თუმცა ნაკლებად აქტიურად — ცილები ორგანიზმის საშენი მასალაა და მათი შენარჩუნება პრიორიტეტულია, სანამ ცხიმის მარაგი ჯერ კიდევ არსებობს.
ცხიმების გადამუშავებას ღვიძლი იღებს საკუთარ თავზე და ლიპიდებს ცხიმოვან მჟავებად გარდაქმნის. ეს ნივთიერებები ზედმეტად დიდია და სისხლიდან ტვინში ვერ აღწევს ამ ორგანოს გამოსაკვებად, ამიტომ ისინი კიდევ უნდა დაიშალოს კეტონებად. ტვინი, როგორც წესი, გლუკოზას "მიირთმევს", თუმცა კრიზისულ სიტუაციაში იგი კეტონების გამოყენებას იწყებს. ეს გლუკოზის დეფიციტს ნაწილობრივ აბალანსებს, ამიტომ შედარებით "მშიერ" ტვინს ფუნქციონირება მაინც შეიძლება გაუჭირდეს.
ეს ფაზა დაახლოებით 2-10 დღის განმავლობაში გრძელდება. ცხიმის მარაგის შემცირებასთან ერთად სხეული საბოლოო ზომებს მიმართავს და იწყება:
3. კატაბოლიზი, ანუ კუნთების განლევა და ორგანოების დაზიანება
ხანგრძლივი შიმშილობის დროს, როცა ცხიმის მარაგი უკვე ენერგიის მთავარ წყაროდ აღარ გამოდგება, სხეულში კუნთების, ქსოვილებისა და ორგანოების "ჭამა" იწყება. ამ პროცესს კატაბოლიზი ეწოდება. კუნთში არსებული ცილები ამ დროს ამინომჟავებად იშლება, რომლებიც შემდგომში გლუკოზად გარდაიქმნება.
ამ ეტაპზე კუნთები ილევა, ამიტომ ძლიერი სისუსტე ვითარდება და ფიზიკური აქტივობა თითქმის შეუძლებელი ხდება. რადგან გულიც კუნთია, პროცესი მასაც ასევე ასუსტებს; შედეგად გულის გაჩერების რისკი იზრდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც, მათ შორის თირკმელები და ღვიძლი.
ენერგიის დეფიციტის პირობებში ტვინს ახლებური ბრძანებების გაცემა უწევს, რათა არსებული მარაგი რაც შეიძლება დიდხანს იმყოფინოს. გარდა იმისა, რომ შედეგად ჰორმონების გამოყოფა იცვლება, ენერგიის დაზოგვის მიზნით ტვინი შიმშილის სიგნალებსაც აღარ გასცემს. გამოდის, საკვების გარეშე ხანგრძლივად ყოფნისას ადამიანები შიმშილს აღარ გრძნობენ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კვების გარეშე სხეულს ისეთი ნივთიერებებიც აკლდება, რომლებსაც საკუთარი თავის "შეჭმით" ნაკლებად მიიღებს. ესენია ვიტამინები და მინერალები, რომლებიც იმუნიტეტისა და ორგანოების გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. მაგალითისთვის, C ვიტამინის ნაკლებობა იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ვინაიდან ამ და სხვა მიზეზების გამო იმუნური სისტემა შესუსტებულია, სხვადასხვა ინფექცია ორგანიზმში უფრო მარტივად იჭრება.
საგულისხმოა, რომ ზოგიერთი მინერალის მარაგი შეიძლება იყოს კიდეც ორგანიზმში, თუმცა მისი მოხმარება ძალიან საზიანო იქნება. მაგალითად, კალციუმი ძვლებში ინახება, თუმცა აქედან მისი გამოყენება ძვლების გამყიფებას იწვევს. ესეც ხანგრძლივი შიმშილის ერთ-ერთი შედეგია.
საკვების გარეშე ცხოვრება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ:
რამდენ ხანში დგება ფატალური შედეგი
ამას მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური განსხვავებები, ჯანმრთელობის საწყისი მდგომარეობა და სხვა გარემოებები განსაზღვრავს. შიმშილობაზე ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება (ანუ ცდისპირებისთვის შიმშილის დავალება) ეთიკური არ არის. ამის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, როგორც წესი, რეალურ სიტუაციებზე დაკვირვებით მოიპოვებენ, მათ შორის საპროტესტო შიმშილობისას.
საკვების გარეშე ადამიანი შეიძლება 3 კვირაშიც მოკვდეს და 70 დღეშიც, როგორც ირლანდიის დიდი შიმშილობის დროს დაფიქსირდა.
ცნობილია, რომ საკვებისა და წყლის გარეშე სხეული დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ძლებს. მხოლოდ წყლის მიღებით, საკვების გარეშე, ადამიანმა, შესაძლოა, 2 თვეზე მეტხანსაც კი გაძლოს.
ინდივიდუალურ ფაქტორებს შორის, რომლებიც შიმშილის ამტანობაზე მოქმედებს, არის ასაკი, სქესი და საწყისი წონა. ზოგადად, საკვების ნაკლებობა ბავშვებისთვის გაცილებით საზიანოა, ვიდრე ზრდასრულებისთვის; შიმშილს უფრო დიდხანს უძლებენ ქალები (ნაწილობრივ სხეულში ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის გამო); ამასთანავე, რაც მეტია ორგანიზმში ცხიმის მარაგი, მით მეტხანს იტანს ადამიანი შიმშილობას.
სიკვდილი ხშირად არითმიის ან გულის შეტევსის შედეგად დგება, ამას კი გულისა და დიაფრაგმის დეგრადაცია განაპირობებს. მსგავსი რამ ნებისმიერ წუთას შეიძლება მოხდეს, ამიტომ:
შიმშილობა მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს
ადამიანები შიმშილობას არაერთი მიზეზით იწყებენ. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო მდგომარეობები (სიმსივნე, კვებითი დარღვევები და სხვ.), ასევე პროტესტის უკიდურესი გამოხატულება — სასოწარკვეთის პირობებში ზოგჯერ ეს ერთადერთი მშვიდობიანი საშუალება ხდება, რომ მოქალაქემ უსამართლობა გააპროტესტოს, თუნდაც სიცოცხლის გარისკვით ან დაკარგვით.
ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, საპროტესტო შიმშილობისას მკაცრი მონიტორინგია საჭირო, როცა ადამიანი სხეულის მასის 10%-ს დაკარგავს ან მისი BMI 16.5-ს ჩამოსცდება. ამ დროს უკვე დიდია სერიოზული გართულებების რისკი. განსაკუთრებით სახიფათოა სიტუაცია, როცა ადამიანი უკვე სხეულის მასის 18%-ს დაკარგავს.
ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, თუკი ადამიანი ჭამის დაწყებას გადაწყვეტს, არსებობს "ხელახალი კვების სინდრომის" (Refeeding syndrome) დაწყების რისკი. ასეთ დროს მეტაბოლური წონასწორობა მკვეთრად იცვლება, ამიტომ კვება სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ უნდა განახლდეს. ასე ელექტროლიტების დისბალანსსა და ფატალურ რისკებს ავიცილებთ თავიდან.
თავისთავად, მოშიმშილის სიკვდილის პრევენცია შესაძლებელია, თუმცა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ეს ნებადართული არ არის. ასევე არაა ნებადართული ძალდატანებით გამოკვებო ზრდასრული ადამიანი, რომელიც ამაზე სხვა მიზეზებით ამბობს უარს (ეს შეიძლება არ ვრცელდებოდეს სხვადასხვა ფსიქიკურ მდგომარეობაზე).
თავად შიმშილობის დროს კი, იქნება ეს საჭირო დანამატების მიღება თუ მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობა, ჯანდაცვის სფეროს პასუხისმგებლობა შემდეგია: სტანდარტების შესაბამისად იზრუნოს პაციენტზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას თავად ადამიანი გადაწყვეტს.
კომენტარები