მიუნხენიდან ჩამოსულ სალომე ზურაბიშვილსაც აეროპორტში კვერცხები ესროლეს

18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.
მანამდე, 17 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა ხალხის ძალის ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეს არ უნდა უკვირდეს, რადგან მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა და "წუმპედან ამოიყვანა ქართულმა ოცნებამ".
„მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, ქართულ ოცნებას აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ზურაბიშვილს პოლიტიკურად ნული უწოდა, რომელიც სამშობლოს ღალატს აგრძელებს და მისთვის საზოგადოებისგან "პასუხის გაცემა გასაგებია".
"დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა. საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია", — განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს ოცნების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს სახელმწიფო დაცვის კანონში. ამ ცვლილებების საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები