გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა.

ვებგვერდის შემქმნელების თქმით, მოხალისეებთან კომუნიკაცია ტელეგრამში მოხდება, სადაც მათ უნდა დაწერონ სად და რომელ რაიონში აპირებენ მისვლას.

საიტზე მოხალისეებს რუკა დახვდებათ, სადაც მონიშნული იქნება ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო, ხოლო რუკის მარცხენა მხარეს მათ ლეგენდა დახვდებათ, რათა უკეთ გაერკვნენ მონიშნული ლოკაციის დეტალებზე.

"როგორც იცით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დავორგანიზდით და თქვენი დახმარებაც გვჭირდება.

მოხალისეებმა! შექმენით ტელეგრამი და შემოგვიერთდით ჯგუფში - @guria_sos, ამის შემდეგ მოიწერეთ სად, რომელ რაიონში აპირებთ მისვლას.

moxalise.ge საიტზე აირჩიეთ პირი რომელთანაც მიხვალთ და მოიწერეთ იმავე ტელეგრამ არხზე.

როგორ გამოიყენოთ moxalise.ge: რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო მარცხენა მხარეს ნახავთ ლეგენდას — აქედან გაერკვევით მონიშნულებების მნიშვნელობაში მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფილტრები — შეგიძლიათ ლოკაციის მიხედვით გააფილტროთ ინფორმაცია.

დახმარების პოსტს ვინც წერთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/ Google Maps-ის ლინკი/და აღწერა)," — წერს ლინა მხითარიანი ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის".

ვებგვერდზე როგორც მოხალისეობა, ასევე დახმარების მოთხოვნაც შესაძლებელია. მოთხოვნები კი შემდეგი ტიპისაა — ევაკუაცია, წამლები, სახურავის დათოლვა, გზის გაწმენდა, საკვები, ექიმი, საწვავი და ა.შ.