2 მარტს მთვარის ზედაპირზე კერძო აპარატი დაეშვა, რომელსაც Blue Ghost, ანუ "ლურჯი მოჩვენება", ეწოდება. ის კომპანია Firefly Aerospace-ს ეკუთვნის და მხოლოდ მეორე ასეთი კერძო მოდულია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე წარმატებით განათავსეს.

აპარატი მთვარეზე არსებულ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ დაჯდა, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. "უკვე მთვარეზე ვართ", — საზეიმოდ განაცხადა ნიკი ფოქსმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის წარმომადგენელმა.

"ლურჯი მოჩვენების" მიერ გადაღებულ სურათზე დედამიწაც მოჩანს.

ფოტო: Firefly Aerospace

ასევე, პროგრამის ხელმძღვანელმა, რეი ალენსვორტმა აღნიშნა, რომ დაშვება უზუსტესი იყო, რადგან "ლურჯი მოჩვენება" სამიზნე არეალის 100 მეტრის რადიუსში დაჯდა. გზად აპარატმა საფრთხის ასარიდებლად ორი სპეციალური მანევრიც განახორციელა, რაც ცხადყოფს, რომ სისტემა გამართულად მუშაობს.

Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება.

აპარატის მიერ 28 თებერვალს გადაღებული სურათი მთვარის ზედაპირს 100 კილომეტრი სიმაღლიდან გვიჩვენებს.

ფოტო: Firefly Aerospace

აპარატი კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ თბილისის დროით 15 იანვრის 10:11 საათზე გაიტანა. ის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, რაც მთვარის ერთი სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა (რეგოლიტის) და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე, მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც, მისიის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება.

მარცხნივ მთვარის სამხრეთ პოლუსია აღბეჭდილი.

ფოტო: Firefly Aerospace

Blue Ghost-თან ერთად Falcon 9-მ კოსმოსში მეორე კერძო აპარატი Resilience-იც გაიტანა, რომელიც კომპანია ispace-ს ეკუთვნის. ის უფრო ენერგოეფექტიან მარშრუტს მიჰყვება, ამიტომ მთვარეზე "ლურჯი მოჩვენების" შემდეგ დაეშვება. ეს მოდული მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე Mare Frigoris-ის რეგიონში დაჯდება. მისიას თან ახლავს მინიმავალი, სახელად Tenacious, რომელიც მთვარის რეგოლიტის ნიმუშების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.