ჩინეთი დედამიწის მანტიაში ჩაღწევას ცდილობს. ამისათვის ქვეყანა ახალ გემს, Meng Xiang-ს (მენგ სიანგი, ქართულად "ოცნება"), გამოიყენებს და ზღვის ფსკერში რამდენიმე კილომეტრს გაბურღავს. თუკი მისია წარმატებით დასრულდება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვოთ დედამიწის "შიგნეულობისა" და პლანეტაზე მოქმედი ტექტონიკური ძალების შესახებ.

გემი Meng Xiang ოფიციალურად 2024 წლის ნოემბერში ამუშავდა. გავრცელებული ცნობებით, იგი ერთადერთი გემია, რომელსაც ზღვის ფსკერის ქვეშ 11 კილომეტრამდე შეუძლია გაბურღოს.

სამეცნიერო მიზნებისთვის არაერთი საბურღი გემი არსებობს, თუმცა მსგავს მასშტაბებს ვერცერთი ვერ აღწევს. მაგალითისთვის, იაპონია გემ Chikyū-ს ფლობს, რომელსაც მაქსიმუმ 7 კილომეტრის გაბურღვა შეუძლია. იყო აშშ-ის გემი JOIDES Resolution-იც, რომელსაც 8.4 კილომეტრამდე შეეძლო მიღწევა, თუმცა იგი აღარ გამოიყენება.

ახალ გემს, მენგ სიანგს, ორივეზე უკეთესი მონაცემები აქვს. იგი ცხვირიდან კიჩომდე 179.8 მეტრი სიგრძისაა და 180 ადამიანს იტევს. გარედან მომარაგების გარეშე გემს 120 დღით შეუძლია იმუშაოს. მასზე სხვადასხვა მიმართულების 9 სამეცნიერო ლაბორატორიას შეხვდებით. მათ შორისაა: გეოლოგიის, გეოქიმიის, მიკრობიოლოგიისა და ოკეანური მეცნიერების ლაბორატორიები.

დედამიწაზე ხელოვნურად შექმნილი ღრმულებიდან ყველაზე მასშტაბური კოლის ზეღრმა ჭაბურღილია. იგი 12 262 მეტრი სიღრმისაა და რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე Meng Xiang-ს შეუძლია მიაღწიოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედამიწის ქერქი ზოგიერთ ადგილას შედარებით თხელია.

სახმელეთო ნაწილში ქერქი დაახლოებით 37.5 კილომეტრი სისქისაა, ოკეანის ქვეშ კი — სულ რაღაც 5-7 კილომეტრი. გარდა ამისა,გეოლოგიური მოძრაობების გავლენით ზოგ ადგილას იგი კიდევ უფრო თხელია.

ოკეანის ქვეშ ქერქის ეს თვისება მეცნიერებს აქამდეც გამოუყენებიათ, რათა დედამიწის მანტიიდან ნიმუშები მოეპოვებინათ. მეორე მხრივ, გემი Meng Xiang ამ შრემდე მისაღწევად ქერქში რამდენიმე კილომეტრს გაბურღავს.

ამან შეიძლება არაერთ საკითხზე მოგვცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იქნება ეს: დედამიწის სტრუქტურა, გეოლოგია თუ ჩვენს პლანეტაზე მოქმედი ძალები.

"დედამიწის სიღრმიდან ამოღებული ნიმუშები მსოფლიოს მეცნიერებს პირდაპირ მონაცემებს მისცემს, რათა ბაქნების ტექტონიკა, ოკეანის ქერქის ევოლუცია, ზღვის უწინდელი კლიმატი და სიცოცხლის ევოლუცია შეისწავლონ. ეს კაცობრიობას დაეხმარება, უკეთ გაუგოს ოკეანეებს, უკეთ დაიცვას და გამოიყენოს ისინი", — განაცხადა სიუ ჭენციანგმა, კუანგჭოუს ზღვის გეოლოგიური კვლევის დირექტორმა.

შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მენგ სიანგის გაშვებით ჩინეთი ცდილობს, სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებით სტატუსი აიმაღლოს. პარალელურად იგი აშშ-ის ხანგრძლივ დომინირებასაც აყენებს ეჭვქვეშ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.