"საქმე არის აღძრული უცხო ქვეყნების დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე და დახმარებაზე", — ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, — იცის თუ არა, რას საქმიანობდნენ ეს ფონდები?

ვატო შაქარიშვილის თქმით, ის, რომ ეს ფონდები ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ტყუილია.

"ეს ფონდი და სხვა ფონდები ემსახურებიან საქართველოში კონსტიტუციური წყობილების მოშლას, ხელისუფლების დამხობას, რევოლუციურ სცენარებს, გადატრიალებებს, იმ პიროტექნიკის ყიდვას, რომლითაც წვავდნენ პოლიციელებს", — თქვა შაქარიშვილმა.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სოლიდარობის ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ჯარიმებს იხდიდნენ და ქველმოქმედებას ეწეოდნენ, მათ შორის გურიასა და იმერეთში დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.

17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა: "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.