თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, არ გაუქმდა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე და არ მიენიჭა მას აღნიშნული სტატუსი. ჩვენ სასამართლო პროცესზე ვითხოვდით მათ შორის მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ისაუბრებდნენ და დაადასტურებდნენ იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმოადგენს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, თუმცა სასამართლომ ამ მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, უარი გვითხრა," — თქვა სხდომის დასრულების შემდგომ ქათამაძის ადვოკატმა.

თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე ქათამაძემ ისაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკა ვივამედის ადმინისტრაციის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელდა.

ქათამაძემ განაცხადა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ კლინიკა ვივამედის მონაწილეობით "სპეცოპერაცია ჩაატარა" — ბათუმელ მედროშეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენის მკურნალობა არ ჩაუტარეს და მას ნორმალური პაციენტისთვის განკუთვნილ საკვებს აძლევდნენ. ქათამაძემ ასევე დასძინა, რომ მან ვივამედის ადმინისტრაციისა და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად, იძულებული იყო შეეწყვიტა მკურნალობა კლინიკაში და მიგრაციის დეპარტამენტში დაბრუნებულიყო. სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებისთვის ითხოვა დრო ქათამაძემ და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

"ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გადაყვანილი ვიყავი კლინიკა ვივამედში, სადაც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სპეცოპერაცია კლინიკა ვივამედის ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ცდილობდა ჩემი სიცოცხლის სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით, რომელიც ჩემნაირი 50 დღით მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო. [კვება] მომზადებული იყო ნორმალური პაციენტებისთვის…

მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ვივამედის ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა ვივამედში და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს. კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე, განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე მიზანმიმართულად საფრთხის ქვეშ დააყენეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება…. გთხოვთ, დრო მომცეთ აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა საკითხების შეგროვებისთვის, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი," — მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.

ცნობისთვის, ბათუმელ მედროშესთან ერთად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც შიმშილობდა, რომელიც 38-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ვივამედში განაგრძობდა მკურნალობას. ვივამედის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიას განუცხადა, რომ ამაღლობელს კვების აღდგენით მკურნალობას ჩაუტარებდნენ და ისაუბრა იმ ჯანმრთელობის გართულებებზე, რაც ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენას მოჰყვება.


შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, 12 დღე იზოლატორში იყო, იქიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. თემურ ქათამაძემ, პროტესტის ნიშნად, 48-ე დღე იშიმშილა.

დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.