მასწავლებელი და პროფესორი თამაზ აქუბარდია თავისი ყოფილი მოსწავლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს. აქუბარდიას აზრით, 24 ოქტომბერს, სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შესული კანონპროექტის გატანას მასზე და მის ოჯახზე თავდასხმით ცდილობენ:

"მარტივია შექმნა პრეცედენტი, ითამაშო ადამიანის ემოციაზე და გაიტანო ის, რაც გინდა ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ თუ უფლებებს იცავ და კანონზე საუბრობ, და ამ კანონის აღსრულებისთვის უდანაშაულო ადამიანს სწირავ მსხვერპლად, მაშ რით ხარ უკეთესი იმ "დემონებზე" რომლებსაც ებრძვი?"

თამაზ აქუბარდიას განცხადებით, ის მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის შესწავლას და იბრძოლებს ცილისწამების გასაქარწყლებლად:

"ვერაფრით დავიძინე, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის, რომ ისინი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ და რომ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა, ეს პოლიტიკური თამაში მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი და თავდასხმა, რომელსაც ვერანაირ ეთიკურ თუ მორალურ ახსნას ვერ ვუძებნი, პირდაპირ აისახება მათზე და არღვევს ასევე მათ უფლებებს, მათ კი ამ საკითხთან სრულებით არაფერი აკავშირებთ, ისინი მხოლოდ ჩემ გვარს ატარებენ."

პირველი კოცნა 50 წლის მასწავლებელთან - რაში ადანაშაულებენ თამაზ აქუბარდიას

გუშინ, 26 ოქტომბერს, ორგანიზაცია საფარის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა აქტივისტ მარი კურტანიძის ღია წერილი, რომელშიც ავტორი თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს:

"მოგესალმებით, იმედია, გახსოვართ: მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: "აბრეშუმივით კანი მაქვს". თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: "რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა". წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: "ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ". ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ", - წერს კურტანიძე.

10 წლის შემდეგ, მარი კურტანიძე ყვება, რომ სხვა ქალებთან საუბარმა, მათი ისტორიების მოსმენამ, პროფესიამ და ქალის მიმართ არსებული ძალადობრივი კულტურის გააზრებამ საშუალება მისცა ხმამაღლა ესაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს და მთელ ჩემ გამბედაობას ვიკრებ ამ დამამცირებელ გამოცდილებაზე სასაუბროდ, ვფიქრობ, მხოლოდ ასე - ხმამაღლა საუბრით შევძლებთ თქვენნაირი მოძალადე კაცების მხილებას და რეალობის შეცვლას!"

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.