სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისნის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები არიან: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც საქართველოში ყალბი პასპორტებით 2010-2012 წლებში იყო და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა", - განმარტა გიორგობიანმა და დასძინა, რომ სხვა პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ისნის სპეცოპერაციაზე გაიგეთ მეტი.