თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილს, მისი ყოფილი თანამშრომლისთვის, თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ On.ge-ს ქალთა უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ უთხრა. სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პატარაიას თქმით, გადაწყვეტილება დღეს, 3 იანვარს, 3 საათზე გამოცხადდა. მისივე თქმით, სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მატერიალური ზიანის ნაწილში რამიშვილი გაამართლა.

"მე მოვიგე ეს საქმე და ძალიან მოხარული ვარ," - უთხრა შალვა რამიშვილმა On.ge-ს. მისივე თქმით, ის სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში:

"არც დისკრიმინაციაზე, არც შევიწროებაზე იქ ლაპარაკი არ იყო. დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს. ძალიან ადრე უხარია საფარს. როგორც იურისტები, ისინი კარგად უნდა იცნობდნენ ვითარებას. არსებობს ჩემი სიტყვა, მათი სიტყვა. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს ჯერ-ჯერობით. მე ვამბობ, რომ საქმე დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების თაობაზე გადაწყდა ჩემს სასარგებლოდ."

თათია სამხარაძე On.ge-სთან ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება და ამის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იყო:

"კმაყოფილი ვარ, სამართალმა პური ჭამა. პრეცედენტული საქმეა და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ყველა ადამიანისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონია."

სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილი და მისი ადვოკატი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ და ჟურნალისტების საწინააღმდეგოს ეუბნებიან:

"ეგ კაცი არის მატყუარა, გამომძალველი და სექსუალურად შემვიწროებელი. მერწმუნეთ, რომ სასამართლო პროცესი შევიწროების ნაწილში, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, მოვიგეთ ჩვენ!"

დაახლოებით ორი წლის წინ, ტელეკომპანია იმედში დასაქმებულმა 25 წლის თათია სამხარაძემ თავის იმჟამინდელ უფროსს შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. თავად რამიშვილი კი ბრალდებებს უარყოფდა.