Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, 75 წლის როჯერ უოტერსი მუსიკალური კარიერის გარდა სოციალური აქტივობითაც გამოირჩევა. შემსრულებელი სოლიდარობას უცხადებდა სხვადასხვა საპროტესტო აქციას და ამბობდა, რომ რეპრესიული და სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს ყოველთვის დაუდგებოდა გვერდით. ის აქტიურად იცავდა პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაში პალესტინის ინტერესებს, რის გამო ანტისემიტიზმშიც კი დაადანაშაულეს. ასევე, გამოდიოდა ტრამპის ინიციატივის წინააღმდეგ, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის შესახებ.

თუმცა, როგორც ჩანს, მუსიკოსი მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი სისტემების წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ის ღია მხარდაჭერას უცხადებს ვლადიმერ პუტინს და რუსეთის პოლიტიკას ანექსირებული რეგიონის, ყირიმის წინააღმდეგ.

31 აგვისტოს უოტერსი რუსეთს ეწვევა და ორ კონცერტს გამართავს მოსკოვსა და პეტერბურგში. ქვეყანაში ჩასვლამდე პუტინთან, პოლიტიკასა და რუსეთთან დაკავშირებით უოტერსმა რუსულ გამოცემა Iz.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

რატომ რუსეთი?

როგორც როჯერ უოტერსი ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთში წასვლის გადაწყვეტილება რთულად არ მიუღია, რადგან ის ენდობა რუსეთს. მისივე თქმით, 7 წლის წინ მოსკოვში ვიზიტისას გაეცნო რუსულ ლიტერატურასა და კულტურას და რუს ხალხს კარგად იცნობს.

ფოტო: BBC

"მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვიომებთ რუსეთის წინააღმდეგ. რუსები ისეთი მამაცები არიან, ისეთი გამძლეები და დაუმორჩილებლები. თქვენ [რუსებს] ძალიან დიდი და ძლიერი მხარეები გაქვთ", - განაცხადა უოტერსმა.

მისი თქმით, ხალხი ხშირად ეკითხებოდა რატომ მართავს კონცერტს რუსეთში მაშინ, როცა არტისტებს მოუწოდებს, რომ არ იმღერონ ისრაელში. უოტერსი აღნიშნავს, რომ ამაზე მარტივი პასუხი აქვს:

"ათასობით რუსმა ყოველგვარი შეთქმულების გარეშე მთხოვა გამემახვილებია ყურადღება იმაზე თუ როგორ არის საქმეები ქვეყნის შიგნით. ასევე მთხოვეს პალესტინელებმაც დავხმარებოდი მსოფლიოს ყურადღება მიექცია მათი პრობლემებისთვის. მე ამ თხოვნებს ვპასუხობ".

უოტერსის თქმით, იცის, რომ რუსეთს აქვს პრობლემები ადამიანის უფლებისა და თავისუფლების კუთხით, მაგრამ ეს მათი ქვეყანაა და თავად უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ. მისივე თქმით, თუ რუს ხალხს პუტინი უყვარს, ეს მათი საქმეა და თვითონ წყვეტენ როგორი ხელისუფლება აირჩიონ.

მხარდაჭერა პუტინს

ინტერვიუში უოტერსი საუბრობს სირიის ომზე და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია თეთრ ჩაფხუტებზე, რომელიც, მისი აზრით, დეზინფორმაციას ავრცელებს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე. უოტერსი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმაა ასახული, ყალბია და მისი მიზანი ომის პროპაგანდაა.

რუსეთის, რუსი ხალხისა და პუტინის დემონიზაცია სამწუხაროა. ეს ყველაფერი ხომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება

როჯერ უოტერსი

"ეს ომის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ცდილობს პუტინის, ასადის, ირანისა და სხვების დემონიზებას. ამიტომ აუცილებელია, ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ."

Iz.ru-ს ჟურნალისტმა მუსიკოსს ჰკითხა, იფიქრებდა თუ არა ხალხი, რომ ის მტრის ბანაკში გადავიდა როცა რუსეთში კონცერტს დათანხმდა. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ აქტიური კრიტიკაა სკრიპალების საქმისა და სირიაში პროვოკაციების მოწყობის გამო. უოტერსმა აღნიშნა, რომ ამ მიზეზების გამო მხოლოდ სულელები თუ გააკრიტიკებდნენ რუსეთს.

"რატომ უნდა გაურთულოს ამან რუსეთს ცხოვრება, ეს ხომ ნონსენსია. სკრიპალებზე თავდასხმა ეს ხომ აბსურდია. ამას ხვდება ადამიანი ერთი ნახევარსფეროთიც [ტვინის]. მაგრამ ზოგს ეს ერთი ნახევარსფეროც არ აქვს და იმიტომაც სჯერათ ამ სისულელის."

იცით მაინც ვისთან გაქვთ საქმე? რუსებმა გაგათავისუფლეს ფაშიტებისგან მათი 20 მილიონი მოქალაქის სიცოცხლის ფასად! თქვენ კი მათთან ომი გინდათ? რა გაგიკეთეს ცუდი?

როჯერ უოტერსი

Iz.ru-ს ინფორმაციით, მუსიკოსმა ინტერვიუს მსვლელობის დროს განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების დასაცავად მთელი მსოფლიოსთვის სურდა მიემართა. მიმართვაში უოტერსმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთმა მსოფლიო გადაარჩინა და ხალხმა უნდა იცოდეს, რა გააკეთა ამ ქვეყანამ მათთვის:

"თქვენ რუსეთთან ომი გინდათ? თქვენ რა გიჟები ხართ? იცით მაინც ვისთან გაქვთ საქმე? რუსებმა გაგათავისუფლეს ფაშისტებისგან მათი 20 მილიონი მოქალაქის სიცოცხლის ფასად! თქვენ კი მათთან ომი გინდათ? რა გაგიკეთეს ცუდი? საერთოდ რაზე ლაპარაკობთ?" - განაცხადა უოტერსმა.

რუსეთის დადანაშაულება სასაცილოა - ყირიმის ანექსია

უოტერსმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინული პროტესტი ვაშინგტონში დაიგეგმა. მისი თქმით, უკრაინის ორად გახლეჩაში რუსეთის დადანაშაულება სასაცილოა.

"ამერიკელებს ეს კარგად გამოსდით და ხალხს მათი სჯერა. ისინი აკონტროლებენ პრესას და ისე ატრიალებენ სიტუაციას, როგორც მათ სურთ", - განაცხადა მან.

"არსებობს, ბევრი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთს აქვს ყველა უფლება ამ ქალაქზე [სევასტოპოლი, ქალაქი ყირიმში].

როჯერ უოტერსი

ჟურნალისტმა უოტერსს ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა ყირიმთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ღიად უჭერდა მხარს პალესტინის ტერიტორიულ მთლიანობას. რაზეც მან უპასუხა, რომ გეოპოლიტიკაში კარგად ვერ ერკვეოდა, მაგრამ იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო სევასტოპოლი რუსეთისა და რუსებისათვის.

"არსებობს, ბევრი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთს აქვს ყველა უფლება ამ ქალაქზე [სევასტოპოლი, ქალაქი ყირიმში]. ხელისუფლების ცვლილებამ უკრაინაში, რომელიც ვაშინგტონის მიერ დაიგეგმა, გამოიწვია რუსეთის შემდგომი ნაბიჯების პროვოცირება".

საკითხები, რომლებზეც ლეგენდარულმა მუსიკოსმა რუსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მოვლენებია, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის გამო პუტინის რეჟიმი არაერთხელ გახდა კრიტიკის მიზანი და ბევრმა არტისტმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა რუსეთში კონცერტის გამართვაზე.

ყირიმის ანექსია

2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 20 000 დაშავდა.

უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულის დაბრუნებას მოითხოვს, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ საკითხი გადაწყვეტილი და სამუდამოდ დახურულია.

ქიმიური თავდასხმა სირიაში

20018 წლის 8 აპრილს სირიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინსა და ირანის ხელისუფლებას დააკისრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500 მოიწამლა.

სკრიპალების საქმე

სერგეი სკრიპალი შვილთან, იულიასთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ისინი უგონოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მდგარ სკამზე იპოვეს. ბრიტანეთმა მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და საწამლავად ნოვიჩოკი დაასახელა.

სკრიპალების საქმეს მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. ლონდონის მხარდასაჭერად მსგავსი ნაბიჯი გადადგა დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ. საპასუხოდ დიპლომატების გაძევება დაიწყო რუსეთმაც.

უკრაინის პასუხი უოტერს

გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი უკრაინის შავ სიაში შეიყვანეს. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობისმყოფელებმა კი უოტერსი ანტიუკრაინულ პროპაგანდასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. უოტერსი ორგანიზაციის ბაზაშიც მოხვდა.

როჯერ უოტერსი სოლო კონცერტზე The Wall