"ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი, მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ "შოუში" მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ", — ასე გამოეხმაურა 9 აპრილის ყველაზე ცნობილი კადრის გმირი, ნანა მახარაძე ამავე ფოტოს ავტორის, იური მეჩითოვის განცხადებას 9 აპრილის შესახებ.

საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნანა მახარაძემ 9 აპრილს გადაღებული კადრი გააზიარა და დაწერა, რომ მეჩითოვს აქვს ნიჭი ერთი თითს დაჭერით შეაჩეროს წამი, მაგრამ დაავიწყდა ამ დღის მნიშვნელობა. მახარაძის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება 9 აპრილს დაღუპული გმირების უდიდესი მონაპოვარია.

"კითხვაზე, გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი, მე გაგცემთ პასუხს — გოგონა იყო სულელურად მამაცი ისევე, როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს", — წერს მახარაძე.

ცნობილმა ფოტოგრაფმა და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იური მეჩითოვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილს რუს სამხედროებს არავის მოკვლა არ სურდათ და ხალხი ასფიქსიით, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. მისივე თქმით, პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის 9 აპრილი იყო შოუ და ახალგაზრდები სწორედ ამიტომ დარჩნენ მიტინგზე.