საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავეს. უწყების განცხადებით, მან ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტები, რის შედეგადაც სახელმწიფომ 346 953 ლარის ზარალი მიიღო.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს "ტობემ" სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. მათი თქმით, გამგებლის მოადგილე სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა და ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ პროცესი დარღვეევბით მიმდინარეობდა. მათივე თქმით, ამის შესახებ გამგეობას ტექნიკურმა ზედამხედველმა წერილობით არაერთხელ აცნობა.

უწყებაში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა გამგებლის მოადგილემ შპს "ტობეს" უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. მათი ინფორმაციით, დოკუმენტებში ეწერა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება, რის შედეგადაც შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.