აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს ბრალდებას, რომ აჭარლები დისკრიმინაციულად მოიხსენია. ამის შესახებ ბუხრაძე ინტერპრესნიუსს ესაუბრა:

"საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვამართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქნებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის."

11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დააზიანეს როგორც ავტომობილები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა.