მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ JAMnews-ზე.

31 წლის გიორგი ბალახაშვილი მეორე შვილს ელოდება. ის უკვე მეორედ აპირებს გააკეთოს ის, რისი გამოცდილებაც საქართველოში სულ რამდენიმე მამაკაცს თუ აქვს. გიორგი დეკრეტულ შვებულებაში გადის.

ახლა ყველაფერი ბევრად მარტივად იქნება – პამპერსის გამოცვლა, ფაფის მომზადება და ჩვილის დაბანა მისთვის პრობლემა აღარ არის.

3 წლის ილია უკვე ბაღში დადის.

გიორგი ბალახაშვილი ილიასთან ერთად

ფოტო: ჯემნიუსი

"მახსოვს, როცა პირველად დადგა ბავშვისთვის ფრჩხილების დაჭრის მომენტი მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ. ის ვერ ბედავდა პატარა თითებზე ფრჩხილების დაჭრას. მერე ავდექი და მე დავაჭერი. სინამდვილეში რთული არ არაფერი არ არის – არც დაძინება, არც გამოცვლა", — იხსენებს ის პირველი შვილის აღზრდის პროცესს.

გიორგი არ ფიქრობს, რომ რაიმე უნიკალური გააკეთა ან განსაკუთრებული მამაა.

ფოტო: ჯემნიუსი

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში უფრო მეტი კაცი გავიდოდა დეკრეტში, საზოგადოებრივი სტერეოტიპები რომ არა – საქართველოში მიიჩნევა, რომ ჩვილის მოვლა კაცის საქმე არ არის და იგი ამას ვერ შეძლებს.

"კაცები უბრალოდ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას. და ბავშვის მარტო დატოვებასაც ვერ გაბედავენ. არ არიან დარწმუნებულები, რომ გამოუვათ. არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ როცა ბავშვი ტირის, არ იძინებს, არ ჭამს. გონიათ, რომ ამ საქმის გაკეთება მხოლოდ ქალს შეუძლია. მე თავიდანვე ვთქვი – თუ ჩემი მეუღლე აკეთებს, მე რატომ ვერ გავაკეთებ?!" — ამბობს გიორგი.

როგორი მამები არიან ქართველი კაცები

საქართველოში გავრცელებული შეხედულებით, ოჯახში ბავშვებზე მთავარი მზრუნველი – დედაა, ფულის შემომტანი კი – მამა.

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს სტერეოტიპი არ იცვლება არც თანამედროვე საქართველოში, სადაც ძალიან ხშირად ქალები უფრო მეტს მუშაობენ ვიდრე მამაკაცები და ოჯახსაც ისინი არჩენენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის კვლევის მიხედვით, მამების 30-42 პროცენტი 6 წლამდე ბავშვებს არასდროს უმზადებს საჭმელს, უცვლის საფენებს ან აბანავებს.

იგივე გრძელდება მერეც. იგივე კვლევა ამბობს, რომ 7-დან 12 წლამდე ბავშვების მამების მხოლოდ 7 პროცენტი უმზადებს შვილებს საჭმელს, ურეცხავს ტანსაცმელს ან უკითხავს წიგნებს.

13-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდის აღზრდის პროცესში მამების ჩართვა კიდევ უფრო ნაკლებია: მამების მაქსიმუმ 5%-ია ჩართული მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში საშინაო დავალების მომზადებაში დახმარებასა და ტანსაცმლის გარეცხვაში ყოველდღიურად.

ბავშვის მოვლის მხრივ მამები უფრო მეტად ისეთ საქმეებს ასრულებენ, რომლებიც აბაზანას და სამზარეულოს არ უკავშირდება ან სახლიდან გასვლას მოითხოვს.

თუმცა, აღნიშნულ აქტივობებსაც ისინი თვეში რამდენჯერმე ასრულებენ და არა ყოველდღიურად.

ბავშვი კაცის საქმე არ არის

ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე ამბობს, რომ შვილების მოვლასა და აღზრდაში მამების ნაკლები ჩართულობა მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული როლების შესახებ საქართველოში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებთან.

"ბევრი მამა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში, ახლობლებთან, მეგობრებთან მაინც იკავებს თავს ამის აფიშირებისგან. მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც არაკაცური და არავაჟკაცური საქციელი", — ამბობს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ამ გენდერული როლების მიხედვით, მამაკაცი არის უფრო მაღლა მდგომი, "ოჯახის უფროსი", რომელიც შიდა საქმეებში არ ერევა და ყველა ვალდებულია, მას ანგარიში ჩააბაროს

"ძალიან მყიფეა ზღვარი, როცა ეს შეიძლება ოჯახში ძალადობაში გადაიზარდოს", — ამბობს ფსიქოლოგი.

ქეთი თავართქილაძის თქმით, ქართველი მამების და შვილების ურთიერთობას ძალიან აფუჭებს ის ფაქტი, რომ მათ შორის მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბება პირველ პერიოდში არ ხდება.

"ორ წლამდე ყალიბდება სამყაროსა და საკუთარი თავის აღქმის ისეთი უმნიშვნელოვანესი ფენომენი, როგორიც არის მიჯაჭვულობა. ჯანსაღი მიჯაჭვულობა ნიშნავს მყარ ემოციურ კავშირს ადამიანთან, რომელიც ზრუნავს ბავშვზე და ეს კავშირი ნარჩუნდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც საკვები, ჰაერი და ა.შ." — ამბობს ქეთი თავართქილაძე.

ამ კავშირის არარსებობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ შემდგომ, მოზარდობის დროს ქართველ მამებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში არა მეგობრულია და დისტანცია მათ შორის კიდევ უფრო იზრდება.

ფოტო: ჯემნიუსი

ფოტო: ჯემნიუსი

"მნიშვნელოვანია, რომ დედას თავისი პარტნიორი გვერდში ედგეს ემოციურად და მორალურადაც. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად გავდიოდით და ეს კარგია ჯანსაღი ურთიერთობისთვის და სწორი ემოციური ფონისთვისაც", — ამბობს სანდრო.

2017 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევა ჩაატარა და საქართველოში მოზარდთა მშობლობა შეისწავლა.

გამოკითხული მოზარდების უმრავლესობა მამებს ხშირად ახასიათებდა ავტორიტეტულ ფიგურებად — ისინი არიან მკაცრები, იძლევიან შენიშვნებს, მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს და სჯიან შვილებს.

ხანდახან მამის ეს მკაცრი იმიჯი მომავალშიც, შვილების მოზარდობის პერიოდშიც ნარჩუნდება. როგორც გოგო, ისე ბიჭი მოზარდები, აცხადებენ, რომ მამაკაცი მშობლების გარემოცვაში უფრო თავშეკავებულად იქცევიან.

ქეთი თავართქილაძე ფიქრობს, რომ ამ პრობლემების სათავე სწორედ ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ:

"დედაზე არანაკლებად უნდა რეაგირებდეს მამა ბავშვის ტირილზე, წუხილზე, შიმშილსა თუ საფენის გამოსვლის საჭიროებაზე. ამ პატარა ნიუანსებიდან ყალიბდება ის მნიშვნელოვანი რამ, რაც მას მთელი ცხოვრება გააძლიერებს", — ამბობს იგი.

12 კილო დავიკელი, ღამეები არ მეძინა

როდესაც 37 წლის გიორგი ჩიქოვანს დეკრეტული შვებულების ყველაზე რთულ მომენტებზე ვეკითხებით, ის ასეთ ისტორიას იხსენებს:

ფოტო: ჯემნიუსი

"სულ რამდენიმე დღის იყო, როცა გამთენიისას საავადმყოფოში გავაქანეთ. მაშინ ძალიან გამოუცდელები ვიყავით. ვიცოდით, რომ ჭიპი 20 დღეში უნდა მოშუშებოდა, ვასუფთავებდით და ყველა წესს ვიცავდით, თუმცა გამონადენი დაუგროვდა და ერთბაშად გადმოვიდა. ძალიან შეგვეშინდა, ვიფიქრეთ, რომ ინფექციაა. გამთენიისას ხუთ საათზე გავიქეცით კლინიკაში," — იხსენებს გიორგი.

გიორგი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და პარალელურად, ლექციებს კითხულობს კერძო უნივერსიტეტში. მისი მეუღლე კერძო კომპანიაში მუშაობს.

როდესაც ბავშვს ელოდებოდნენ, გადახედეს ფინანსებს, ვითარებას და გადაწყვიტეს, რომ მარიამი ერთ თვიან დეკრეტზე მეტს ვერ აიღებდა.

გიორგი ჰყვება, რომ ლეას დაბადების შემდეგ პირველი თვე თითქმის არ ახსოვს.

"ნერვიულობისა და სტრესისგან 12 კილო დავიკელი. პირველი თვე თითქმის გამქრალი მაქვს მეხსიერებიდან. ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი ნორმალურად. მივდიოდი და ბავშვს ვაკვირდებოდი სუნთქავდა თუ არა," – ჰყვება ის.

გიორგი ამბობს, რომ გარშემომყოფებში გაუმართლა – სამსახურში მისი გადაწყვეტილება გაიკვირვეს, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

მეგობრებსაც მალე მობეზრდათ ამ თემაზე ხუმრობა.

შვილთან თამაში, მისი მოვლა, საჭმლის მომზადება – ამ ყველაფერს გიორგი და მარიამი დღესაც თანაბრად ინაწილებენ.

წლის და 7 თვის ლეას ძალიან უყვარს მამასთან ცეკვა, ძილის წინ წიგნის წაკითხვასაც მამას სთხოვს და დაჭერობანასაც მასთან ერთად თამაშობს.

"მე იმ თვეებში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე -პირველივე დღეებიდან ბავშვთან ყოფნამ მომცა ურთიერთობა, რომელშიც უცხო არასდროს ვყოფილვარ", — ამბობს ის.

გადაგვარდნენ ქართველი კაცები

ირაკლი კაკაბაძე ყველაზე პოპულარული ქართველი მამაა, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა.

ირაკლი პირველი იყო, ვინც ამ უფლებით ისარგებლა და ასევე პირველი იყო, ვისი ისტორიაც მედიაში გაშუქდა.

ირაკლი ახლა ოჯახთან ერთად სტამბოლში ცხოვრობს. ძველ უბანში პატარა ქართული კაფე აქვს და საქმეებიც კარგად მისდის. დანიელი უკვე 7 წლისაა და სკოლაში დადის.

ის ყვება, რომ ცოლს სამსახურში მნიშვნელოვანი შეთავაზება ჰქონდა, ამასთან, როცა გაიგო, რომ არსებობს დეკრეტის შესაძლებლობა, გადაწყვიტა ამით ესარგებლა და საქართველოში პრეცედენტი შეექმნა.

ფოტო: ჯემნიუსი

ეს არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ჯანდაცვის სამინისტროსთან "ბრძოლის" შემდეგ, ირაკლიმ და მისმა მაშინდელმა დამსაქმებელმა, განათლების სამინისტრომ, დეკრეტული შვებულების გაფორმება ბოლოს მაინც შეძლეს.

ყველაზე დიდი “საყვედური” ირაკლიმ უცხო ადამიანებისგან მიიღო. როდესაც მისი ისტორია მედიამ გააშუქა, ფეისბუკზე ბევრი სალანძღავი კომენტარი წამოვიდა:

"ეს კომენტარები რომ ვნახე, გაოცებული დავრჩი. განსაკუთრებით ქალების ნაწილი იყო ძალიან აღშფოთებული. წერდნენ, რომ გადაგვარდა ქართველი კაცი, ყველაფერი უფასურდება და ა.შ.", — ჰყვება ირაკლი.

იმ დროს, როდესაც დანიელს პამპერსებს უცვლიდა, ირაკლი სიამოვნებით იხსენებს:

"მშობელი ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის დროს თვითონაც იზრდება, როგორც პიროვნულად, ისე უნარებით. მე ამაზე დიდი სიამოვნება არაფრით მიმიღია, როცა აკვირდები როგორ იზრდებიან შენი შვილები და ამაში მონაწილეობას იღებ. როცა მათ ცხოვრებაში არ ვმონაწილეობ, მაშინ ვარ ყველაზე ცუდად", — ამბობს ის.

რა წერია კანონში

საქართველოს კანონმდებლობა ცალკე მამის დეკრეტულ შვებულებას არ ცნობს და ამ მიმართულებით საკმაოდ ბუნდოვანია.

კანონში წერია, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე “მშობელს” (სქესი დაკონკრეტებული არ არის) ორწლიანი დეკრეტული შვებულების აღება შეუძლია, საიდანაც 6 თვე ანაზღაურებადია.

რაც შეეხება კერძო კომპანიებს, აქ დეკრეტის გაფორმებაც და ანაზღაურებაც როგორც დედის, ისე მამის შემთხვევაში, დამსაქმებელზეა დამოკიდებული.

თითქოს კანონი ორივე სქესის მშობელს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა დეკრეტში გასვლის მსურველი მამებისთვის პრობლემები სამშობიარო სახლშივე იწყება.

საქმე იმაშია, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ სახელმწიფო მშობელს მაქსიმუმ 1 000-ლარიან ბენეფიტს ურიცხავს (მისი ოდენობა შვებულების მიმღების ანაზღაურებაზეა დამოკიდებული). ამ თანხის მიღება მამას არ შეუძლია, რადგან ეს ფინანსური ბენეფიტი სამშობიაროს ფურცლის საფუძველზე გაიცემა – ანუ, პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თანხას მიიღებს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იმშობიარა.

დეკრეტში გასული მამაკაცების ზუსტი სტატისტიკაც იმიტომ არ არსებობს, რომ სოციალური დაცვის სააგენტო დეკრეტული შვებულებების სტატისტიკას სწორედ სამშობიაროს ფურცლის და 1 000-ლარიანი ბენეფიტი მიმღებთა მიხედვით აწარმოებს. მამა კი, ამ ბენეფიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, როდესაც დედა მშობიარობისას გარდაიცვლება.

სარჩელი საკონსტიტუციოში

ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 28 წლის ლაშა ჩალაძის სარჩელია შესული. ლაშა სწორედ იმ ნორმის გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმად სამშობიარო სახლში დეკრეტისთვის საჭირო საბუთებს მხოლოდ დედას აძლევენ.

ლაშა იურისტია. ის ჯერჯერობით არც შვილს ელოდება და არც ცოლი ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურია და მას დეკრეტში გასვლის ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეს, როგორიც მისი მომავალი შვილების დედას.

"ზუსტად არ ვიცი, ვისარგებლებ თუ არა ოდესმე დეკრეტით, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას უნდა მაძლევდეს. ბავშვის მოვლა კაცსაც ისევე შეუძლია, როგორც ქალს," – ამბობს ლაშა.

კანონის გაუმჯობესებაზე ფიქრობს გაეროს მოსახლეობის ფონდიც.

ფონდში მიაჩნიათ, რომ კანონში უნდა ჩაიწეროს დედობის და მამობის შვებულება ცალ-ცალკე. ასევე UNFPA-ში ფიქრობენ, რომ უნდა დაწესდეს მინიმუმ სამ და მაქსიმუმ 14-დღიანი შვებულება, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ექნება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორს.

ფონდის გენდერის პროგრამის მენეჯერი, მარიამ ბანძელაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კაცებმა ხშირად არც იციან დეკრეტული შვებულების მხრივ კანონი რის უფლებას აძლევთ.

ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და კაცების სტიმულირება უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი შვილების აღზრდის საქმეში.

"ერთია რა იქნება კანონში და სხვა საკითხია როგორ მივაწვდით ამას მოსახლეობას, როგორ აღვძრავთ პრაქტიკაში სურვილს და მოტივაციას, რომ ხალხმა რეალურად ისარგებლოს ამ შვებულებით," – ამბობს ის.