ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ზურაბ დათუნაშვილს ნაკრებიდან წასვლა დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს და მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან აწარმოებს.

"მაგას უკვე წინასწარ ჰქონდა გამზადებული ქვეყანა, მოლაპარაკება უკვე ყაზახეთში, ყველაფერი ჩატარებული ჰქონდათ მაგას და ერთი მწვრთნელია, არ მინდა სახელი დავასახელო. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი პროვოკაცია", — აღნიშნა გეგეშიძემ.

დღეს, 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში სპორტის სასახლეში დაპირისპირებასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. თებერვლის დასაწყისში სპორტსმენმა განაცხადა, რომ არჩევანის წინაშე დგას ან კარიერა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.

ამავე თემაზე: