სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქობულეთში ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. სუს-ის ცნობით, დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნით, მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს.

უწყების ცნობით, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).