გაურკვევლობის წლები კიდევ 23 მგლოვიარე ოჯახისთვის დასრულდა
ნინოს ძმა. გიორგის მამა. ლიანას ქმარი. რომანის ვაჟიშვილი. ისინი 1990-იანი და 2008 წლების კონფლიქტების დროს გაუჩინარდნენ. მას შემდეგ მათი ოჯახები გაურკვევლობაში ცხოვრობდნენ. საყვარელი ადამიანების ცოცხლად დაბრუნების იმედი არ ქრებოდა, თუმცა, მათ სიკვდილზეც ხშირად უფიქრიათ.
ხელმოსაჭიდი მტკიცებულება არც მათი სიცოცხლის და არც სიკვდილის შესახებ ჰქონიათ. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია.
მოძიების, გათხრებისა და სიღრმისეული სამეცნიერო კვლევის შედეგად, შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაუჩინარებული ოცდასამი ადამიანი ამოცნობილია. უახლოეს დღეებში მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ახლა უკვე შეძლებენ წეს-ჩვეულებების დაცვითა და პატივით დაკრძალონ ისინი.
საქართველო ქვეყნების იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნება, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები არ მოგვარებულა, ოჯახები პასუხებს იღებენ უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ.
ეს ჰუმანიტარული მიდგომის წყალობით გახდა შესაძლებელი, როდესაც წარსულში კონფლიქტის მონაწილე მხარეები, დღეს აქტიურად არიან ჩაბმული ინფორმაციის მოძიებაში და ხელს უწყობენ ექსჰუმაციების სათანადოდ წარმართვას. ორი საკოორდინაციო მექანიზმი - ერთი ქართველებისა და აფხაზების, ხოლო მეორე - ქართველების, რუსებისა და ოსების მონაწილეობით - 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე პროცესის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ხელშეწყობით ისინი წელიწადში ორჯერ იკრიბებიან.
ამ დისკუსიის ყველა მხარე ერთი სულისკვეთებით არის განმსჭვალული: მთავარია, ოჯახებმა, მათი ეთნიკური თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მიიღონ პასუხები, რომლებიც არ გულისხმობს გაუჩინარების მიზეზებისა და გარემოებების სამართლებრივი ასპექტების დადგენას.
ჩვენ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, გვჯერა, რომ ეს პროცესი, რომლის შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა, შეიძლებოდა უფრო წარმატებულიც ყოფილიყო; 2300-ზე მეტი ოჯახიდან, რომლებიც ჯერაც ელოდებიან პასუხს გაუჩინარებული ახლობლების ხვედრის შესახებ, სულიერი სიმშვიდე ამჯერად 23 ამოცნობილი ადამიანის ოჯახმა მოიპოვა. არადა, შეიძლებოდა მათი რაოდენობა მეტი ყოფილიყო.
ჩვენ გვჯერა, სწორედ ახლაა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დრო.
შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის გარკვევა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ამ კონფლიქტების მხარეების ან ყოფილი მხარეების სამართლებრივ ვალდებულებას წარმოადგენს. ამავდროულად, ეს დელიკატური და მრავლისმომცველი პროცესია, რომელიც მონაწილეთაგან დროს, ძალისხმევასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს.
დღესდღეობით, ყველაზე დიდ დაბრკოლებას გაუჩინარებული ადამიანების ძიებისას, წარმოადგენს ინფორმაციის სიმწირე იმ სავარაუდო სამარხების შესახებ, სადაც შესაძლოა კონფლიქტის დროს დაღუპული ადამიანები იყვნენ დაკრძალული. ამ პრობლემის დასაძლევად და ოჯახების უკეთ დახმარების მიზნით, ვფიქრობთ, საჭიროა მოქმედება ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით.
პირველი - იმ უწყების შექმნა საქართველოს მთავრობაში, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის კუთხით მუშაობას. მსგავსი უწყებები - "უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიები" - არსებობს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოლუმბიასა და შრი-ლანკაში. ეს უზრუნველყოფდა ოჯახების უფლებას, მიიღონ პასუხები დაკარგული ახლობლების ხვედრის შესახებ, რაც, ამავდროულად, 1949 წლის ჟენევის კონვენციების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.
მეორე - საჭიროა გამოგვეხმაურონ ის ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. მოწმეებმა, შესაძლოა, არ იცოდნენ, რომ მათი მონაყოლი ხშირად გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების განსაცდელის დასრულებისათვის და, რომ უკვე მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც სრულად დაცულია მსგავსი ინფორმაციის კონფიდენციალობა და ის მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენება. ასევე, მიგვაჩნია, რომ არ გვაქვს ცნობები ყველა გაუჩინარებული პირის შესახებ. ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია მოძიებული ნეშტების ამოცნობის შესაძლებლობასთან. ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას გაუჩინარებული ადამიანების ან სავარაუდო სამარხების შესახებ, ხმა მოგვაწვდინონ. ჩვენ მკაცრად ვიცავთ მოპოვებული მასალის კონფიდენციალობას და მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ვიყენებთ მას.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები მუდამ იმ გზების ძიებაში იყვნენ, რომლებიც ჭრილობების მოშუშებაში დაეხმარებოდათ. მათ ჩამოაყალიბეს კომიტეტები და ასოციაციები, რითაც შექმნეს საერთო ტრაგედიით გაერთიანებული ადამიანების ქსელი, რათა უფრო ხმამაღლა გაეჟღერებინათ თავიანთი საჭიროებები. მათ ერთი რამ სურთ - გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის პატივისცემა და აღიარება საზოგადოების მხრიდან. უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა მემორიალები უკვე აღმართულია გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში და მალე თბილისშიც დაიდგმება.
ოჯახების უმრავლესობამ გამოხატა სურვილი გაეგო თავიანთი ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ და მიეღო მათი ნეშტები, თუ მოძიება მოხერხდებოდა. ყოველივე ამან განაპირობა წჯსკ-ს ჰუმანიტარული პროგრამის დაწყება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ინფორმაციის შეგროვება, სამარხების გახსნა და მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირება. ჩვენი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში განხორციელებული მსგავსი პროგრამებიდან ეს ყველაზე მასშტაბურია. 2011 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამარხში 508 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შრომის შედეგად ამ საერთო რიცხვიდან ჯერ-ჯერობით 178 ნეშტია ამოცნობილი.
ამ დამაჯერებელი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ყველა ჩართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით. თუმცა, დრო გადის და მათი ნათესავები, ვისი მოძიებაც ვერ მოხერხდა, რთულ ემოციურ მდგომარეობაში რჩებიან. დედებსა და მამებს, ცოლებსა და დებს ასაკი ემატებათ.
"ამბობენ, დრო კურნავსო, მაგრამ ჩემთვის პირიქით ხდება. წლები გადის და ჩემი მდგომარეობა უარესდება. საშინელი ფიქრები მომდის თავში, გაუსაძლისია ლოდინი და გაურკვევლობა", — აღნიშნა ერთ-ერთი გაუჩინარებული პირის დამ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, გვჯერა, რომ კიდევ 23 ადამიანის ნეშტის ამოცნობის ხელშეწყობით, პროცესში ჩართულ სხვა ინსტიტუციებთან ერთად, ზოგისთვის მაინც დავასრულეთ გაურკვევლობა. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ დამატებით მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, რათა უფრო მეტი გავაკეთოთ იმ ასობით სხვა ოჯახისთვის, რომელიც ჯერ კიდევ პასუხების მოლოდინშია.
ოპ-ედში ნახსენები სახელები ოჯახის პირადი მონაცემების დაცვის მიზნით შეცვლილია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები