მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მოთხოვნით თიბისის მმართველობიდან გადადგნენ ერთი თვე გავიდა. ამ პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხელმძღვანელი პირების გადადგომასთან ერთად გამოქვეყნდა ბანკის 2018 წლის ანგარიში.

21 თებერვლიდან 21 მარტამდე თიბისი ბანკის ერთ აქციაზე ფასი 24 პროცენტით გაიზარდა, 12,9 გირვანქა სტერლინგიდან 15,98 გირვანქა სტერლინგამდე. ამავე პერიოდში 26 პროცენტით გაიზარდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 699 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 880 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე. სხვაობა ეროვნულ ვალუტაში 640 მილიონი ლარია.

ფოტო: ფოტო ლონდონის საფონო ბირჟის ვებგვერდიდან

თიბისი ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა 8 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განაცხადა. ამის შემდეგ, იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების შესახებ. ამ პროცესების შედეგად 21 თებერვალს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო სამი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეჩერდა. 8 იანვრიდან 21 თებერვლამდე თიბისის დანაკარგმა 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.