"ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად", — წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ამით გადაცემა კვირის აქცენტების წამყვანს, ეკა კვესიტაძეს პასუხობს.

"ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს, რომ თურმე არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს. თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა! ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ, ნუ შეყვებით მას ამ თამაშში", — აცხადებს სააკაშვილი.

ორბანის პარტია - ფიდესი 80-იან წლებში კომუნისტური წყობის ოპოზიციურ პარტიად დაარსდა. დაარსებისთვის პარტია ლიბერალური პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა 2 000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მემარჯვენე პოპულისტურ ძალად გარდაიქმნა.

პრემიერ-მინისტრად ორბანი პირველად 1998 წელს დაინიშნა. შემდეგ არჩევნებზე მისმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და 2002 წელს მან პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თანამდებობაზე ორბანი 2010 წელს დაბრუნდა. წლევანდელი გამარჯვება ორბანისთვის მეოთხე წარმატებად იქცა, ის მესამე ვადით იქნება პრემიერი.

სოციალისტური ბანაკის ჩამოშლისა და უნგრეთში კომუნიზმის დამხობის შემდეგ ორბანი უნგრეთის ყველაზე გრძელვადიანი მმართველია.

კრიტიკა მოქმედი პრემიერის მიმართ

ბოლო წლების განმავლობაში, ორბანის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ხშირად ხდებოდა დასავლური დემოკრატიების და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის საგანი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი რეგულაციები და შეზღუდვები დაწესდა დამოუკიდებელ მედიაზე, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეროვნულ ბანკსა და საკონსტიტუციო სასამართლოზე. ასევე, დაიხურა ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ბუდაპეშტში.