უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, ქართული ოცნების გასარიცხთა სიაში მისი ყოფნის შესახებ ინფორმაცია "ძველი ამბავია". უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, ე.წ. შავი სიაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს გადასცა, ის, ჭიჭინაძე და კიდევ ოთხი ადამიანი იყვნენ.

"როცა გედევანი, პაპუაშვილი და ქანთარია ზევით ავიდნენ, ჩვენ ერთად ველოდით შეხვედრის დასრულებას. კობახიძე ამბობდა, რომ თუ ივანიშვილი ამ ექვს დეპუტატს მოაშორებდა, პარლამენტშიც სიწყნარე იქნებოდა და ყველგან. ქვეყნის დამაქცევრები და ამომტრიალებლები თურმე ჩვენ ვიყავით, კობახიძის ნატიფი სახის გამფუჭებლები, თურმე, ჩვენ ვიყავით", — განაცხადა დავით ჭიჭინაძემ On.ge-სთან საუბრისას.

ჭიჭინაძის თქმით, ივანიშვილი არ იცნობდა ირაკლი კობახიძეს. ის იხსენებს, რომ ივანიშვილთან შეხვედრას წინ უსწრებდა პოლიტსაბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ, გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე.

"ბიძინა გეგიძესთან მიმართებით ირაკლი კობახიძის გამონათქვამმა გააოცა ბიძინა ივანიშვილი და კითხვაც კი დაუსვა, "ირაკლი, რა გჭირს შენ, ავად ხომ არ ხარო? ამის შემდეგ დაიბარა ეს სამი დეპუტატი, რომლებსაც იცნობდა და იქ გაუზიარა დეპუტატებს შეშფოთება: მე ალბათ შევცდი, არ ვიცნობდი ამ ადამიანსო და ახლა სხვანაირად დავინახეო, მაგრამ რაც არის ეგ არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში უნდა დავლაგდეთო", — ამბობს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, ის დეპუტატები, რომლებმაც ქართული ოცნება დატოვეს, ამავე პარტიის მიმართ საზოგადოების განწყობას აფიქსირებდნენ.

"კობახიძე შეიძლება დარჩეს კიდეც ქართულ ოცნებაში, მაგრამ ქართულ ოცნების გვერდით, ხალხი აღარ დარჩა", — უთხრა On.ge-ს ჭიჭინაძემ.

გედევან ფოფხაძე, რომელმაც პირველმა გააჟღერა ე.წ. შავი სიის შესახებ ინფორმაცია, ამტკიცებს, რომ ამ სიაში ნუკრი ქანთარია, ლევან პაპუაშვილი, ლევან კობერიძე, რომან კაკულია და დავით ჭიჭინაძეც იყვნენ. ჭიჭინაძე ფოფხაძის მსგავსად უმრავლესობის წევრი აღარაა.