ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ბოლო სამ წელში სახელმწიფომ საპატრიარქოს 801 308 მ2 ფართობის უძრავი ქონება გადასცა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი იმატებს, რასაც ისინი პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირებენ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით EMC-ში ამბობენ, რომ ბოლო სამი წლის განმვალობაში საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცემა არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სხვა მიწის ნაკვეთებიც. მათივე თქმით, საპატრიარქოს უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა.

"სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით:

  • 2016 წელს საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 მ2, რომელზეც განთავსებული იყო 3 768,7 მ2 ფართობის შენობა ნაგებობები;
  • 2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 მ2, რომელზეც განთავსებული იყო 3 031,8 მ2 ფართობის შენობა ნაგებობები;
  • 2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 მ2, მათ შორის 300 245 მ2 სასოფლო-სამეურნეო და 119 857 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750,35 მ2 ფართობის შენობა ნაგებობები.

ფოტო: EMC

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციის-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის 2016-2018 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს გამოეყო 1 379 700 ლარი გამოიყო.

EMC შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული გამოცდილება არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის "გაუმართლებელი პრივილეგირებისა და მხარდაჭერის" პრაქტიკას ქმნის.

"ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე და თავად საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე", — აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.