რადიო თავისუფლება წერს, რომ მისი ჟურნალისტები ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში არ შეუშვეს. გამოცემის ცნობით, ირანის ელჩმა სასაუბროდ შეიყვანა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები და აქტივისტები. მანამდე ისინი ირანის საელჩოსთან აქციას მართავდნენ.

"აქციის ორგანიზატორებთან ერთად, საელჩოში ელჩთან შესახვედრად ასევე შეიყვანეს მედიაც, რადიო თავისუფლების გარდა", — წერს რადიო თავისუფლება.

On.ge-ს ირანის საელჩოში მომხდარი არ განუმარტეს და უთხრეს, რომ კითხვებზე პასუხს მხოლოდ წერილობით სცემენ, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

რადიო თავისუფლება ასევე წერს, რომ ბოლო სამ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თავისუფლებას არ ეძლევა საშუალება გააშუქოს ირანის საელჩოს შენობაში მედიისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

2018 წლის 17 დეკემბერს საელჩოს შენობაში ბრიფინგს მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. საელჩოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლება არ დაასწრეს.