საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შესახებ იულია ტიმოშენკოსაც უთხრა. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქლაივში ისაუბრა.

"ეჭვი არ მეპარება, გაიმარჯვებს ზელენსკი, რასაც ყოველთვის ვპროგნოზირებდი. რა თქმა უნდა, იულიასაც [ტიმოშენკოს] ვემეგობრები და ვეუბნებოდი იულიას, რომ ზელენსკი მოიგებს და მოენახათ საერთო ენა", — განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი იულია ტიმოშენკოსთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოდიოდა. სააკაშვილის დაკავების შემდეგ ტიმოშენკო სასამართლო სხდომებზს ესწრებოდა და მის გათავისუფლებას ითხოვდა.

31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურში ერთმანეთს ვლადიმერ ზელენსკი (30,26%) და პეტრო პოროშენკო (15,92%) დაუპირისპირდებიან. უკვე ცნობილია, რომ მესამე ადგილას გასული იულია ტიმოშენკო მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

პირველი ტურის დღეს ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია, ხოლო თუკი მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნდეს.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მოსახლეობას ზელენსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თვითონ სააკაშვილი აპირებს, რომ უკრაინაში არჩევნების შემდეგ დაბრუნდეს, რადგან მიაჩნია, რომ პოროშენკო დამარცხდება და მის ბრძანებას მესაზღვრეები აღარ შეასრულებენ.