თბილსიის მერმა კახა კალაძემ დღეს, 10 აპრილის მთავრობის სხდომაზე მეტროს პერიოდულ დაზიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ თემის აქტუალურობის მიზეზი "მის მიმართ მეტის მოთხოვნაა". კალაძე ამბობს, რომ მას დღეს მეტროს ყველა დაზიანების შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, როცა წლების განმავლობაში ხდებოდა ასე და არავინ არ საუბრობდა ამაზე.

"საზოგადოებას მეტი მოთხოვნა აქვს ჩვენს მიმართ, პირადად ჩემს მიმართ უფრო მეტი აქვთ იმედიც, შესაბამისად, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ არავის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე და ელექტროენერგია ითიშებოდა, ეს რა თქმა უნდა თელასის პრობლემა იყო, ავარიები იყო და დღესაც არის ეს. სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაშ, მანამდეც იყო. ყველა ამბობდა, აბა კალაძე, სად არის ელექტროენერგია გამოუშვი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ ეს დამოკიდებულება, თან მე ახლა პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ. სხვათაშორის, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი".

თბილსიის მერმა სხდომაზე მეტროს გათიშვების სტატისტიკა გაასაჯაროვა. მისი თქმით, 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა, 2018 წელს 308 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევით, 2019 წელს გვაქვს 100 დაზიანება, მათ შორიუს მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა.