თუ ადამიანი შეიძლება ბუნების რომელიმე ერთ ელემენტს ეკუთვნოდეს, ეს ჰაერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავდივართ მყარ მიწაზე, ზოგჯერ კი ვცურავთ წყალში, ადამიანებს ყველაზე ხშირი შეხება ატმოსფეროსთან გვაქვს. ჩვენ მასში მუდმივად ვართ ჩაძირული, ყოველ წამში მის ნაწილს ვისუნთქავთ და მისგან სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ.

მიუხედავად ამ სიახლოვისა, ატმოსფერო ბევრ რამეს გვიმალავს. მასში ბუდობს მრავალი გაურკვეველი წარმოშობის მოვლენა. ამ სტატიაში სწორედ ამოუხსნელ სინათლეებსა და სხვადასხვა მისტიკურ ნათებებზე ვისაუბრებთ.

ელმოს ცეცხლი

ფოტო: SPL

ზღვაში ყოფნისას მეზღვაურები გემის ანძებზე ღამით მოლურჯო ნათებას ხედავდნენ ხოლმე. ნათება ცხელი არ იყო, შესაბამისად ის გემის დაზიანებას არ იწვევდა. მეზღვაურები მას კარგი ამბის მომასწავებლად თვლიდნენ.

უისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის ატმოსფერული მოვლენების მეცნიერი სტივ აკერმენი ელმოს ცეცხლით მას შემდეგაა გატაცებული, რაც ის საკუთარი თვალით მისმა ძმამ იხილა.

აკერმენის ძმა ქარიშხალის დროს სარდაფში, სპილენძის მილებთან მუშაობდა. ჭექა-ქუხილის მოახლოების შემდეგ მან შეამჩნია, რომ მილების უმეტესობა ლურჯად ანათებდა.

ჭექა-ქუხილი ძლიერი ელექტრული ველის წარმოქმნას იწვევს ხოლმე. საქმე ისაა, რომ ელექტრული ველი ისეთი წვეტიანი ობიექტებით, როგორიც არის, მაგალითად, მილები ან ანძები, ძლიერდება. ხოლო თუ ელექტრული ველი საკმარის სიძლიერეს მიაღწევს, ის ჰაერში არსებული მოლეკულების იონიზებაც იწვევს, ამ დროს კი პლაზმა წარმოიქმნება, რომელიც ლურჯ სინათლეს ასხივებს.

წვეტიანი ობიექტების გამოყენებით მსგავსი სინათლის წარმოქმნა ლაბორატორიაშიც შეიძლება.

ცთომილი ალი

ფოტო: SPL

ისევე როგორც ელმოს ცეცხლი, ცთომილი ალების შესახებ ცნობები საუკუნეებია რაც არსებობს. თუმცა, ელმოს ცეცხლისგან განსხვავებით, ახლო წარსულში ის უფრო და უფრო იშვიათად მოიხსენიება.

როგორ მისი სახელიდან შეგვიძლია მივხვდეთ, ის ლაბორატორიაში არასდროს შექმნილა.

ცთომილი ალი ხშირად მოციმციმე, ან მუდმივ სინათლედ აღიწერება ხოლმე, ის ძირითადად სოფლების მახლობლად არსებულ ჭაობებში მიწასთან ახლოს ჩნდება, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ქრება.

მეცნიერებისათვის ასეთი საკითხის შესწავლა რთულია, რადგან ცთომილი ალი, შესაძლოა, რეალური ფენომენი არც იყოს.

თუ აღნიშნული რამ მართლაც არსებობს, შეგვიძლია ვცადოთ და მას ლოგიკური ახსნა მოვუფიქროთ. მაგალითად, რადგანაც ცთომილი ალი ძირითადად ჭაობების თავზე ჩნდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას ჭაობიდან ამომავალი გაზის, მეთანის აალება იწვევს, თუმცა აალების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ალტერნატივა ისაა, რომ ცთომილი ალის შესახებ არსებული ცნობები გამოგონილია, ანუ ის ჰალუცინაციების და წარმოსახვის შედეგია. ასევე დასაშვებია, რომ ის მთვარის, ან სინათლის რაიმე სხვა წყაროს ანარეკლს წარმოადგენდნენ, რომლებიც დამკვირვებლებმა უცხო ნათებად აღიქვეს.

მიწისძვრის ნათება

ფოტო: Bulletin of the Seismological Society of America, vol 63, no 6, p 2177-87/NISEE, University of California, Berkeley

"ასეთ დროს შეიძლება მანათობელი ბურთის ცენტრში მოექცეთ. თქვენი თმა დაიმუხტოს, შეიძლება თავადაც გაანათოთ. თუმცა, ზიანი არ მოგადგებათ. შეიძლება თავი უცნაურად იგრძნოთ, ეს არის და ეს", - აცხადებს ნასას SETI-ს ინტიტუტის მეცნიერი ფრიდმან ფროინდი.

სწორედ ასეთ გრძნობა გექნებოდათ მიწისძვრის ნათებაში მოხვედრისას.

ეს უცნაური ფენომენი თავს მაშინ იჩენს, როდესაც გარკვეული ტიპის ქვა მაღალი წნეხის ქვეშ ექცევა, რაც ელექტრული მუხტის დაგროვებას იწვევს.

ამ ნათებას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა ფორმა და ფერი ჰქონდეს. ამ დროს ნათება პირდაპირ მიწიდან ვრცელდება და ცაში რამდენიმე ასეულ მეტრზე ადის.

სფერული ელვა

სფერულ ელვას ხშირად ლეგენდად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა, როგორც ირკვევა, ის რეალური ფენომენია.

2012 წელს მეცნიერები ტიბეტის მთიანეთის ერთ-ერთ რეგიონს აკვირდებოდნენ, რომელიც ხშირი ქარიშხლებით არის განთქმული. უეცრად მათ წინ ხუთი მეტრის სიგანის მანათობელი ბურთი გამოჩნდა. ის რამდენიმე წამის განმავლობაში თეთრად და წითლად იწვოდა, შემდეგ კი ის გაქრა.

ეს სფერული ელვის დაფიქსირების პირველი შემთხვევა იყო. მეცნიერებმა ის სპექტრული ანალიზით შეისწავლეს და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა სცადეს.

როგორც გაირკვა, სფერული ელვა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მიწაზე ჩამოვარდნილი მეხი ნიადაგში არსებულ მინერალებს აორთქლებს. აორთქლებული ელემენტები კი ჰაერში არსებულ ჟანგბადთან რეაქციაში შედიან, რაც ნათებას იწვევს.

მწვანე ნათება

ფოტო: Stephen & Donna O'Meara/SPL

მზის ჩასვლის ბოლო წამზე მისგან წამოსული სინათლე შეიძლება გამწვანდეს. ამის მიზეზი მირაჟია. ატმოსფეროში ყველაზე მეტად წითელი გარდატყდება, შემდეგ სტაფილოსფერი, ხოლო ბოლოს ყვითელი და მწვანე. ლურჯ და იასამნისფერ ფერს ატმოსფერო ძლიერად ირეკლავს, სწორედ ამიტომაა ცა ლურჯი. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში მზისგან წამოსული ბოლო სინათლე მწვანეა.

შირანუი

ფოტო: Kikuoka Tenryō

შირანუი ოპტიკური ფენომენია, რომელზეც იაპონიის სამხრეთ ნაწილში არსებულ კუნძულზე, კიუსიუზე საუბრობენ ხოლმე. შირანუი სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, წყლის თავზე ჩნდება. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, მისი ნახვა წელიწადში ორჯერ შეიძლება, დაახლოებით 30 სექტემბერს და 24 თებერვალს. შირანუი ყველაზე კარგად გამთენიისას ჩანს.

შირანუის წარმომავლობის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, ერთ-ერთის თანახმად, ის შორეულ წყლებში მყოფი მეთევზეების ნავებზე არსებული სინათლეების არეკვლის შედეგად წარმოიქმნება, რაც ზღვის თავზე არსებული სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერის მასებითაა გამოწვეული.

წითელი ელვა

ფოტო: Paul Smith

ჭექა-ქუხილის დროს, თუ გაგიმართლათ, ღრუბლების ზემოთ, შესაძლოა წაგრძელებული ფორმის წითელი ნათება შენიშნოთ, რომელიც ასეულობით კილომეტრს ფარავს.

წითელი ელვა დედამიწის ზედაპირიდან 50-90 კილომეტრის სიმაღლეზე ჩნდება და ის განსაკუთრებით ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს წარმოქმნილი განმუხტვის შედეგია.

მინ-მინის ნათება

ფოტო: Gondwananet

მინ-მინის ნათება ავსტრალიაში გავრცელებული ამოუხსნელი ნათების ფენომენია. მის შესახებ მითები ავსტრალიაში ევროპელების დასახლებამდეც არსებობდა. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, მინ-მინის ნათება მოგზაურებს დაჰყვება, ზოგჯერ ის მათ უახლოვდება კიდეც, ხოლო თუ ადამიანი მას აედევნება, ის სწრაფად ქრება.

ყველაზე ხშირად ისინი დისკოს ფორმის სინათლეებად არის აღწერილი, რომლებიც ჰორიზონტზე ჩანან. ნათება, როგორც წესი თეთრია, თუმცა ნახსენებია ცვალებადი ფერის ნათებებიც.

დებატები იმის შესახებ, რეალური ფენომენია თუ არა მინ-მინის ნათება დღესაც მიმდინარეობს.