ისლანდიის მოუხელთებელი არაამქვეყნიური არსებები
ცნობილი ისლანდიელი მომღერალი, იოფრიდურ აკადოტირი ცხრა წლის ასაკში ელფის შეწუხებისთვის დაისაჯა. ყოველ შემთხვევაში, მას ასე სჯერა.
"ჩვენ რეიკიავიკში კორპუსებს შორის მოედანზე ვთამაშობდით ხოლმე", - ჰყვება ის, - "იქ ერთი დიდი ქვა იყო. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ელფის ლოდი უნდა ყოფილიყო, ელფების შეწუხება კი არაფრით შეიძლება. ერთხელაც ამ ლოდზე, რომელიც ორი ჩემხელა იყო, გაჭირვებით ავბობღდი. მეგობრები მაფრთხილებდნენ, რომ ეს ცუდი იდეა იყო, მაგრამ მათ ყური არ ვათხოვე. ქვაზე ყოფნით რომ გული ვიჯერე და მიწაზე გადმოვხტი, ლოყაზე ვიკბინე და სისხლი წამომივიდა. სახლში ტირილით გავიქეცი და იმ ლოდს აღარასდროს შევხებივარ".
აკადოტირის ისტორია უნიკალური სულაც არაა. ისლანდია ელფების - პატარა, ადამიანის მსგავსი, წაწვეტებულყურებიანი არსებების, დამალული ხალხის - განზომილებათა შორის მცხოვრები ქმნილებების, იმავე huldufólk-ებისა და ფერიების ქვეყანაა. აქ სჯერათ, რომ ისინი მშვიდი არსებები არიან, რომლებსაც ადამიანების გვერდით ცხოვრება და მათ მსგავსად თევზაობა, ფერმერობა და ოჯახების შექმნა შეუძლიათ. და თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებსაც უწვდიან ხოლმე დახმარების ხელს.
ისლანდიის უნივერსიტეტში 2007 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 62%-ისთვის ელფების არსებობა ზღაპრული მონაგონი სულაც არაა. თუმცა ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში ჭეშმარიტ მორწმუნეებთან ერთად ის აგნოსტიკოსებიც შედიან, რომლებიც "რატომაც არა" მიდგომას ემხრობიან.
სწორედ ამ უკანასკნელ, არც ერთი შესაძლებლობის გამომრიცხველ ბანაკს მიეკუთვნება რეიკიავიკის მკვიდრი, სიგტრიგურ ბალდურსონი. მისი დედა ამბობს, რომ ისლანდიურ ფერმაში უხილავ მეგობრებთან გაიზარდა, რომელთა დანახვაც სხვა ბავშვებს არ შეეძლოთ. ამ ამბის მოყოლისას სიგტრიგური აღნიშნავს, რომ ეს, შეიძლება, ბავშვებში გავრცელებული ფენომენის, წარმოსახვითი მეგობრის ყოლის შემთხვევა ყოფილიყო. თუმცა ბებიამისის სასიკვდილო სიმსივნისგან გამოჯანმრთელების ისტორიამ კი დააფიქრა, ნამდვილად იყო თუ არა დედამისი huldufólk-ების მეგობარი.
"დედაჩემს ერთ ღამესაც ეღვიძება და ხედავს, ოთახში ექიმები როგორ შემოდიან და იწყებენ ბებიის მკურნალობას", - იხსენებს სიგტრიგური, - "ის ექთნისა და ორი ექიმის საუბარს შეესწრო. ისინი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და ერთმა ექიმმა ბებიაჩემზე თქვა, ვფიქრობ, კარგად იქნებაო. დედამ შვებით ამოისუნთქა და ძილი გააგრძელა. დილას ახალგამოღვიძებულ ბებიას ჰკითხა, ელაპარაკე ექიმებს გასულ ღამესო? ბებიამ უპასუხა, რომელ ექიმებს, აქ არავინ ყოფილაო. ამის შემდეგ ის სასწაულებრივად განიკურნა".
მაგნუს სკარფედინსონს თავისი თეორია აქვს. ის რეიკიავიკის ერთადერთი ელფების სკოლის ხელმძღვანელია და ტურისტებს ისლანდიის მაგიური ქმნილებების თემას აცნობს. ამ სკოლაში ჩატარებული ლექცია უფრო ღია ფორუმია მაგიასა და ფოლკლორზე სასაუბროდ, რომელიც, ბლინებისა და ყავის თანხლებით, ბიბლიოთეკაში, ელფების ადამიანის ხელა განათებული სკულპტურების გვერდით მიმდინარეობს.
სტუდენტებისთვის შაქარყინულების სროლისა და ელფების სექსზე ხუმრობის შემდეგ, სკარფედინსონმა აღიარა, რომ ის ელფებს ან huldufólk-ებს პირადად არასდროს შეხვედრია. "ელფების სამყაროში თვლიან, რომ მე მანიაკი ვარ!" - ხითხითებს ის. თუმცა, მან 900-ზე მეტი ისეთი ისლანდიელი გამოკითხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არსებები უნახავთ. მათგან 75 ადამიანი თვლის, რომ ელფებთან მეგობრობა აკავშირებს, ხოლო 35 ირწმუნება, რომ ელფებმა ისინი სახლში დაპატიჟეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, მეგობრის, ძმისა თუ დედის ნათქვამს დაუჯერო. ისლანდია, ამტკიცებს ის, არატრადიციული იდეებისადმი ყოველთვის ღია იყო, ამიტომაც შეუძლიათ აქ ელფებს, საკუთარი ვინაობა უსაფრთხოდ გამოააშკარაონ.
მიუხედავად იმისა, რომ ელფების სკოლა გასართობი ადგილია, სკარფედინსონისთვის ეს თემა სახუმარო სულაც არაა. ის განსაკუთრებით მაშინ სერიოზულდება, როცა ისლანდიელებში ელფებისადმი რწმენის კლების ტენდენციაზე იწყებს საუბარს.
"ჩვენ სრულიად განსხვავებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებდით, 1700-იან წლებში განმანათლებლობის ხანა რომ არ დაწყებულიყო", - თქვა მან სკოლის ერთ-ერთ ლექციაზე, - "თუმცა განმანათლებლობის ხანას თავისი ფასი ჰქონდა. მან რწმენა მოკლა. ეს უკანასკნელი კი ცივილიზაციის ერთ-ერთი გამაერთიანებელია. მან არა მხოლოდ რწმენა, არამედ მითიც დაასამარა. და ფსიქიკური უნარებიც. ბევრ ადამიანს ისლანდიაში ელფების სჯერა, რადგან ჩვენ იზოლირებულები ვიყავით. განმანათლებლობას ჩვენამდე არ მოუღწევია 1941 წლამდე, როდესაც ამერიკელთა ჯარი ისლანდიაში შემოიჭრა. შემდეგ შემოვიდა განმანათლებლობა და ელფების გაუჩინარებაც დაიწყო".
იმ ისლანდიელებს შორის, ვისაც ელფების სჯერა, ზოგი ათეისტია, ზოგიც კი - ტრადიციული რწმენის მატარებელი. ლექციაზე სკარფედინსონი ჰყვება ისტორიებს ისლანდიელი მღვდლების შესახებ, რომლებიც huldufólk-ელ ბავშვებს ნათლავდნენ (მისი თეორიის თანახმად, ეს ორ სოციუმს შორის ხიდის გასადებად კეთდებოდა); ხოლო ისლანდიური ზღაპრების წიგნში, რომელსაც ის თავის სტუდენტებს ანახებს ხოლმე, ადამიანის მიერ ელფების ეკლესიის აღმოჩენის ამბავიცაა მოთხრობილი.
ბალდურსონი იხსენებს, რომ მისი დედა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ქალი, ამ საკითხზე იმავეს ფიქრობდა. "ბევრი რამ არის სულიერ სამყაროში ისეთი, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს", - ასე იხსენებს ბალდურსონი მის სიტყვებს, - "თუმცა მჯერა, რომ მე ქრისტეს მეგობარი ვარ, ქრისტე კი ჩემი მეგობარია და მე კარგად ვიქნები".
პამ შაფერი, ლიცენზირებული თერაპევტი, ამტკიცებს, რომ რაიმე ისეთი დიადისადმი რწმენა, რომელიც საკუთარი თავის მიღმა გახედებს, სხვა პოზიტიური რწმენებისკენაც გიბიძგებს. თუ შენი მსოფლიო იმდენად ფართოა, რომ მასში ელფები არსებობენ, კიდევ უფრო შორს რატომაც არ უნდა წახვიდე?
"ზოგადად, მაგიური აზროვნება ადამიანებისთვის სარგებლის მომტანია", - ხსნის ის, - "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელფებთან და huldufólk-ებთან კავშირი თავად არ გქონია, მათი არსებობისადმი რწმენას შენი თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია, რასაც შენი ფიქრების მოქნილობამდე და გონებაგახსნილობამდე მივყავართ. ეს სასარგებლოა, რადგან სულიერი და ემოციური ელასტიურობა ადამიანებს გასაჭირის დაძლევასა და, ზოგადად, უკეთესი ურთიერთობების ქონაში ეხმარება. სხვა სამყაროსადმი რწმენა თვალსაწიერს ზრდის და იმას გვანახებს, რანაირი შეიძლება იყოს რეალობა".
რთული სათქმელია, თუ რამდენ ისლანდიელს სჯერა გულწრფელად ელფებისა თუ huldufólk-ების. თუმცა იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთ მათგანს მაინც აქვს მათი რწმენა, ქვეყნის ტურიზმის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ცულთავებთან ერთად, ეს არაამქვეყნიური არსებები ისლანდიაში ყველაზე პოპულარულ სუვენირებს წარმოადგენენ. ის ტურები კი, რომელიც დამსვენებლებს ელფებთან შესახვედრად გასეირნებას სთავაზობს, ადგილობრივი ოჯახებისთვის სარფიან ბიზნესადაც იქცა.
თუმცა, მოსაზრება, რომ ისლანდიაში ყოველი დღე ელფებისთვის არის მიძღვნილი, გაზვიადებულია.
2013 წელს ჯგუფმა, რომელსაც რაგნილდურ ჯონსდოტირი ხელმძღვანელობდა, გზის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა, რადგან ის ლავას მდელოზე მცხოვრები huldufólk-ების დასახლებაზე გავიდოდა. მშენებლობა შეჩერდა და მთავრობამ ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების მოსაძებნად დაიწყო მუშაობა. თუმცა, პეტურ მათიასონი, ისლანდიის საგზაო და სანაპირო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ გეგმაში ცვლილება პრაქტიკული ხედვით იყო ნაკარნახები და არა - რწმენით.
"საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელფის კუთხეს აკეთებდა", - თქვა მან გადაწყვეტილების მიზეზის ახსნისას, - "ის გზის გასაყარზე მდებარე დიდი ქვით იყო დაინტერესებული. ჩვენ ამას შევხედეთ არა ელფებისადმი რწმენის, არამედ კულტურული მემკვიდრეობის გადმოსახედიდან. დიდი ქვა, თავისი ფორმითა და აგებულებით, მართლაც უნიკალურია. შესაბამისად, რადგანაც გზის გადაწევა შეგვეძლო, ასეც მოვიქეცით".
რა თქმა უნდა, როცა ქვეყნის მოსახლეობა 340 ათასს არ აღემატება, მეზობლის რწმენისა და ღირებულებების გათვალისწინება მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. მაგალითად, რეიკიავიკის გარეუბან ჰაფნარფიორდუში ელფის სალოცავები (პატარა საკურთხევლები, რომლებთანაც ხანდახან სანთლებიც ანთია) და შეუბღალავი ლავას ქვები სახლის ეზოებს ამშვენებენ. მათი ხილვა განსაკუთრებით ჰელისგერდის პარკის სიახლოვესაა შესაძლებელი. აქაურობა ცნობილია, როგორც ელფებით მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია და მრავალი ელფისმჭვრეტელი სწორედ აქ არჩევს ხოლმე სეირნობას. უბანში მდგარი ქრისტიანული ეკლესიის ეზოშიც კი დევს მოზრდილი ქვა, რომლისთვისაც, ადგილობრივების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ხელი არ უხლიათ. ეს ლოდები და ელფების გამოსახულებიანი ნიშნები ყოველწამიერად გახსნებს, რომ ისლანდიაში მეორე, ფარული სამყაროც არსებობს.
ამერიკელი მაიკლ ნევროკი, რომელიც დოკუმენტური ფილმის, ისლანდია: რწმენის ისტორია, თანარეჟისორია, ფილმის გადაღებისას სწორედ ამ ქუჩებში მიაბიჯებდა. ის იხსენებს, 2016 წელს ქვეყანაში პირველად მოგზაურობისას როგორ გააცნობიერა, რომ huldufólk-ებისადმი რწმენის არსებობას აქ ყველა მცხოვრები შეგუებულია.
"ვთქვათ, შენ ხარ სახლის მეპატრონე და უკანა ეზოში გაქვს ქვა, რომელიც ელფის ლოდის სახელწოდებით არის ცნობილი. შენ კი მის ადგილას ჯაკუზის გაკეთება გსურს. შენ იწყებ მის გატეხვას და ამ დროს შემოდის მეზობელი, რომელიც გეუბნება, რას აკეთებ, ეს ხომ ელფის ლოდიაო?", - ნევროკი გადაღებებისას მოსმენილ ნამდვილ ამბავს გვიყვება, - "ასეთი ქცევა საფრთხეს შეგიქმნის. ისლანდიელების 80-90 პროცენტი ამ ქვას ხელს არ ახლებდა. ამის ნაწილობრივი მიზეზი იმის რწმენაა, რომ მის შიგნით რაღაც მართლაც არსებობს. მაგრამ, ამასთან, ეს ქვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიცაა. ასეთ დროს, რაღა დაგრჩენია?! ელფის ლოდის გულისათვის ჯაკუზზე უარის თქმა მოგიწევს.
მაგრამ სკარფედინსონის მსგავსი მორწმუნეებისთვის ელფების არსებობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ალბათობა. მისთვის რწმენა ყველაზე დიდი ცხოვრებისეული კითხვებისთვის მეცნიერებისა და ლოგიკის მისადაგების და იმასთან შეგუების შესაძლებლობაა, რომ არავის ექნება ყველა პასუხი.
"ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ დახეტიალობენ ეს არსებები განზომილებებს შორის", - ამბობს ის, - "შენ მხოლოდ ადამიანების გამოცდილებათა შეგროვება შეგიძლია. ინფორმაციის ერთადერთი წყარო თვითმხილველები არიან. ისინი უნდა იპოვო და დეტალურად გამოკითხო: როგორ გამოიყურებიან ეს არსებები? რას იცვამენ? რას ფიქრობენ ღმერთსა და მარადისობისაზე? რატომ არიან აქ?"
ამის თქმისას სკარფედინსონი ნაკლებად სერიოზული ხდება და საკუთარ თავზე იცინის.
"ჩემს მეგობრებს უკითხავთ ელფებისთვის, მაგნუსს რატომ არ ეპატიჟებითო?" - ამბობს ის და ელფების პასუხზე წინასწარ ხითხითებს, - "ისინი კი ეუბნებიან, ვერაფრით დავპატიჟებთ, რადგან გვეშინია, რომ თავიდან ვეღარ მოვიშორებთო".
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
კომენტარები