17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილ გალა კონცერტში ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნატო მეტონიძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს. მეტონიძის განცხადებით, როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ამბობს, რომ ამ დღეს მას ქალაქ გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზატორებს თანხმობა უკვე მისცა. მისივე თქმით, შესაბამისად, 17 მაისს თბილისში არ იქნება. ის აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, საპატრიარქოს შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა.

პირველი არხის ინფორმაციით, კონცერტზე ასევე არ იმღერებს ანსამბლი შვიდკაცა. მათი თქმით, 17 მაისს ქუთაისში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.

17 მაისს დაგეგმილი კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს მომღერალი ნინო ქათამაძე. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.