სასტუმრო მამიდას მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილს პროსტიტუციისთვის არ გადასცემდა და ის უდანაშაულოა. მისივე თქმით, ხუუცურაული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს ეს გამორიცხულია იქიდან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით", — აცხადებს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თბილისში 3 პირი დააკავა. დაკავებულია სასტუმრო მამიდას მფლობელი, როენა ხუცურაული მეტსახელად "მამიდა", ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. — მეტსახელად "სალომე" და სასტუმრო გოლდის მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინაროებს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ორიდან ექვს წლამდე.

უწყების ინფორმაციით მარტში ამავე ბრალდებით ორი პირი დააკავეს. კერძოდ, სასტუმრო მამიდას ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ. და სასტუმრო მზის მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. — მეტსახელად "ფისო".