კვებითი აშლილობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა, რომელიც არარეგულარული კვების წესითა და წონის პრობლემებზე სტრესული დამოკიდებულების დროს ყალიბდება.

კვებითი დარღვევები შეიძლება მოიცავდეს არაადეკვატური ან გადაჭარბებული რაოდენობის საკვების მიღებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მისი ყველაზე გავრცელებული სახეებია ანორექსია და ბულიმია. ის ემართებათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს.

კვებითი აშლილობების პრობლემები, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა, ის ყველაზე ხშირად თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში იჩენს თავს. მის სამედიცინო პრობლემად კლასიფიცირების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის კურსი ეფექტიანია.

იმის მიუხედავად, რომ ეს მდგომარეობები განკურნებადია, მისი სიმპტომების მიმართ უყურადღებობის გამოჩენა ფატალური შესაძლოა აღმოჩნდეს. კვებით დარღვევებთან ერთად თანაარსებობენ ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა შფოთვა, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ან დეპრესია.

კვებითი აშლილობის დროს, ქალები და კაცები საერთო ნიშნებსა და სიმპტომებს განიცდიან. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ ნიშანს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც სპეციალისტს უნდა მიმართოთ:

  1. მცირე წონის მიუხედავად, ქრონიკული დიეტა;
  2. წონის გამუდმებული ცვლილებები;
  3. კალორიებსა და ცხიმიან პროდუქტზე დამოკიდებულება;
  4. კვების ისეთი ფორმები, როგორიცაა საკვების დაქუცმაცება და ისე ჭამა, მარტო ჭამა ან საჭმლის დამალვა;
  5. საჭმელზე, რეცეპტებსა და კერძის მომზადებაზე აკვიატებული დამოკიდებულებები;
  6. დეპრესია ან უსიცოცხლო მდგომარეობა;
  7. სოციალური პასუხისმგებლობების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების არიდება და იზოლაცია;
  8. შიმშილისა და გადაჭარბებული რაოდენობის საკვების მიღების შერეული ფაზები.

ამ მდგომარეობების სიმძიმის მიხედვით, პაციენტთან მუშაობას სხვადასხვა პროფესიონალი იწყებს. მათ შორის არიან ექიმები, თერაპევტები და კვების სპეციალისტები. მკურნალობის დაგეგმვისას ისინი ითვალისწინებენ როგორც მისი ჯანმრთელობის აღდგენას, ასევე პაციენტის ინდივიდუალურ სიტუაციას.

ფსიქიატრები / ფსიქოლოგები ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ კვებითი აშლილობის მიზეზების დადგენას. ამ დაავადების მკურნალობისას, თერაპია ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. ის იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს იკვლევს პაციენტში, რომელიც შესაძლოა ტრავმული ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ აღმოცენდა.

კვებითი სპეციალისტები ჩართული არიან წონის პრობლემის დარეგულირებაში, ინდივიდუალური საკვები რაციონის შედგენასა და ნორმალური კვების ჩვევის ჩამოყალიბებაში.

რაც შეეხებათ ექიმებს, ისინი იკვლევენ, ჯანმრთელობის რომელ ასპექტზე იმოქმედა კვებითმა აშლილობამ, ან პირიქით, ეს მდგომარეობა ჯანმრთელობის სხვა პრობლემით ხომ არაა გამოწვეული.