კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესზე კანონის მიღებაზე შემაჯამებელ მოსაზრებებს ავრცელებს. კოალიციის განცხადებით, ქართული ოცნების კანონპროექტის ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე და კრიტიკული დასკვნების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამასთან, კოალიცია არასაკმარისად მიიჩნევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

კოალიციას მიაჩნია, რომ მიღებული ცვლილებები ვერ ქმნის დამაჯერებლობას სასამართლო სისტემის გარეთ მყოფი ღირსეული კადრებისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი სამართლიან და ობიექტურ პროცესს იხილავენ. კანონპროექტის ავტორებმა რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს. არასამთავრობოების მოსაზრებით, კვლავ აქტუალურია ისეთი რეკომენდაციები, როგორებიცაა:

  • კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
  • კანდიდატთა წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება გამორიცხავს გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს შეიცავს;
  • საყურადღებოა პირველი ფარული კენჭისყრა, როდესაც ე.წ. გრძელი სიიდან ხდება კანდიდატთა პირველი გადარჩევა მხოლოდ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე;
  • ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა;
  • საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს, იმ შემთხევაში, როცა თავად არის კანდიდატი, კვლავ რჩება აღნიშნულ პროცესში საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება;
  • კონკურენტის შესახებ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, წვდომის შესაძლებლობა;
  • არამოსამართლე წევრთა ადექვატური ჩართულობის უზრუნველყოფა კანდიდატთა ნომინირების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას;
  • საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისათვის საჭიროა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობა, რაც მოსამართლე წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით, მხოლოდ 2 არამოსამართლე წევრის თანხმობას საჭიროებს, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს, თუმცა საკანონმდებლო დონეზე არ არის დაკონკრეტებული ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

იმისათვის, რათა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს მაღალი სტატუსის შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების მქონე კანდიდატებმა დაიკავონ, მნიშნელოვანია:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესარჩევი კონკურსი წარმართოს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების სრული დაცვით;
  • პარლამენტის ყველა წევრმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში აკისრიათ და მხარი დაუჭირონ მხოლოდ ღირსეულ კანდიდატებს;
  • საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროცესის დასაწყისშივე გაკეთდეს განაცხადი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მოხდება მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის გზით;
  • მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობების 50%-ზე მეტი არ შეავსოს.