ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაყავს. პარალელურად, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

ანანიაშვილი წერს, რომ გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

"ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაც კი, მიმდინერე მოლაპარაკებების გამო.. მივმართავ მათ ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი", — წერს ადგილობრივი გიდი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიიღო და უნდა გადაამოწმოს.

"იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას", — განაცხადა ზალკალიანმა.

ამ განცხადებიდან 2 საათი გავიდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე აზუსტებენ დეტალებს.