ევერესტის დალაშქვრის შემდეგ ამ კვრაში ჯამში 7 ადამიანი გარდაიცვალა. BBC წერს, რომ ეს მონაცემი წინა წელს გარდაცვლილი ადამიანების ჯამურ მონაცემზე მეტია. მათი ინფორმაციით, ეს ყველაფერი გზაზე შექმნილმა საცობებმა განაპირობა. ადგილობრივი გიდი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი რიგში 12 საათის განმავლობაში იდგა.

ოთხშაბათს, 22 მაისს ორი გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. CNN წერდა, რომ გარდაცვლილთაგან ერთი 55 წლის ინდოელი ალპინისტი ბანაკში დაბრუნებისას მთამსვლელთა დიდი რაოდენობის გამო შექმნილ "საცობში გაიჭედა", მეორე კი დიდი სიმაღლიდან დაშვების დროს გრძნობის დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

CNN-ის ცნობით, ევერესტის დალაშქვრის მსურველთა დიდი რაოდენობა კარგმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა. ჰიმალაის თაიმსის ინფორმაციით, ტურიზმის დეპარტამენტმა ლაშქრობის ნებართვა რეკორდული რაოდენობის მსურველზე, 381 ადამიანზე გასცა.

22 მაისს მთამსვლელებმა ათასობით ფოტო გადაიღეს, რომლებზეც ჩანს მწვერვალზე დადგომის მსურველთა რიგები. ერთ-ერთი ალპინისტის ცნობით, ევერესტის მწვერვალზე დასადგომად, იმ ადგილზე რომელიც ცნობილია, როგორც "სიკვდილის ზონა", ოთხშაბათს დაახლოებით 320 ადამიანი იდგა რიგში.

ევერესტის მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთაა, მისი სიმაღლე 8 848 მეტრია. ამ არეალში ჩასუნთქვისას, ფილტვებში ჟანგბადის მხოლოდ მესამედი ხვდება. ასეთ პირობებში ადამიანის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვერვალზე დამატებითი ჟანგბადის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაშია გაჩერება შესაძლებელი.