საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

"ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული — სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გოგოს საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც.

შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა. კერძო სკოლა ალბიონის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც 16 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში გუშინვე გამოკითხეს.