GOT-ის ფინალურ სეზონთან ერთად, დასრულდა მისი, როგორც IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუს სტატუსიც. თუმცა, ამ ტიტულის მფლობელი კვლავ HBO-ს სატელევიზიო შოუა.

ჩერნობილის პირველი სერია ამერიკული ტელეარხის ეთერში 6 მაისს გავიდა და ის უკვე მაყურებელთა შეფასებებით სატელევიზიო სერიალებში ლიდერია. IMDb-ის 74 573 მომხმარებლის დაფიქსირებული ხმებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,7-ია.

IMDb-ის ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუების ათეული ასეთია:

  1. ჩერნობილი / Chernobyl — 9,7;
  2. პლანეტა დედამიწა 2 / Planet Earth II — 9,5;
  3. ჯარისკაცთა საძმო / Band of Brothers — 9,4;
  4. პლანეტა დედამიწა / Planet Earth — 9,4;
  5. მძიმე დანაშაული / Breaking Bad — 9,4;
  6. სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones — 9,4;
  7. მოსმენა / The Wire — 9,3;
  8. ჩვენი პლანეტა / Our Planet — 9,3;
  9. კოსმოსი / Cosmos — 9,2;
  10. ლურჯი პლანეტა II / Blue Planet II — 9,2.

ჩერნობილი: სერიალის შესახებ

ფოტო: HBO

მინისერიალი 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე გვიყვება, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქებას მოჰყვა.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირისთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა.

5-ეპიზოდიან დრამაში მთავარ როლებს ჯოშუა ლიში, ემილი უოტსონი და სტელან სკარსგარდი ასრულებენ.

ამავე თემაზე: