შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან თორმეტ წლამდე.

"ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

გუშინ "ნამდვილი კაცების" აქციაზე ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნას დააანონსა. მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე აღნიშნა, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ.