ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა. ის დავით სერგეენკოს ჩაანაცვლებს. დავით სერგეენკო კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის "დოსტაქარის" დირექტორია. ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს დავით სერგეენკომ წარუდგინა. 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ღელავს და გრძნობს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

"ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას", — თქვა ახალმა მინისტრა.

მისივე განცხადებით, პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად", — განაცხადა ტიკარაძემ.

დავით სერგეენკომ 7-წლიანი მინისტრობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. დავით სერგეენკოს განცხადებით, გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში რჩება. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნას უკავშირდება, სერგეენკო პასუხობს:

"მას ბევრი შემფასებელი ჰყავს, საქართველოს საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველაფერს ცალსახა პასუხი გაეცემა".

პროფესიით ექიმი დავით სერგეენკო მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებაში გენერალურ დირექტორად მუშაობდა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დავით სერგეენკო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მინისტრია. ჯანდაცვის მინისტრის პოსტი მან 2012 წლის 25 ოქტომბერს დაიკავა.

NDI-ს 2019 კვლევების თანახმად, პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე დადებითად მოსახლეობა დავით სერგეენკოს მიმართ არის განწყობილი. იგივე შედეგი იყო NDI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით.