თბილისში, ვეგანურ კაფე Kiwi-ში, რამდენიმე პირი შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ფეისბუკის რამდენიმე მომხმარებელი წერს. მათი თქმით, შემთხვევა 29 მაისს მოხდა.

როგორც ანა გულისაშვილი წერს, მათ შამფურზე აცმული სოსისები და მწვადები ჰქონდათ, არამწეველთა სივრცეში ეწეოდნენ და იქ მყოფებს არაკორექტული რეპლიკებით იწვევდნენ:

"დაიწყო არეულობა, ჩხუბი, სროლა. ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს თავი გაუტეხეს. პატრულის მოსვლამდე გაიქცნენ ისინი და პატრული როცა მოვიდა არასერიოზულად შეხედა ყველაფერს და სასაცილოდაც არ ეყო ეგ ამბავი. მოკლედ ერთი დიდი ჯოჯოხეთია აქაურობა,ადამიანებს განსხვავებული სტილის, ჩაცმულობის,საყურეების გამო სცემენ და დასცინიან რახან არ ჭამენ ხორცს.და რაც მთავარია პოლიცია არ გვიცავს,დაგვცინის და უფრო ამწვავებს სიტუაციას".

კაფეს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა, რომ გუშინდელი დაგეგმილი ფილმის ჩვენება ჩაიშალა. ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციის გამო და ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ნონო ანთაძე ფეისბუკში წერს, რომ სულ 10 პირი შევიდა კაფეში არეულობის მოსაწყობად, ხოლო როდესაც საპატრულო პოლიცია მივიდა, ისინი უკვე გაქცეულები იყვნენ. ნონო ანთაძის თქმით, პატრულმა კივიში მყოფი ადამიანები და მომსახურე პერსონალი ჩათვალა კონფლიქტის ინიციატორებად:

"2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის განუცხადეს, რომ ჯერ გამოძიება ოფიციალურად დაწყებული არ არის და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. მათი განცხადებით, გამოკითხულია ერთი მხარე, კაფეში მომუშავე პერსონალი და გამოიკითხება მეორე მხარეც. პრესსამსახურში აცხადებენ რომ პოლიცია ყველაფერს შეისწავლის და კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

On.ge დაუკავშირდა იმ ნაციონალისტურ ორგანიზაციას, რომელსაც თვითმხილველები თავდასხმაში ადანაშაულებენ, თუმცა, ჩვენს წერილობით კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.