ქართული ოცნებიდან წასული და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია თანაგუნდელებმა მიატოვეს. ასე გამოეხმაურა ის პლენარულ სხდომაზე მელიას მარტო შესვლას, თუმცა თავად დეპუტატის სურვილი იყო ოპოზიციური პარტიები სხდომას არ დასწრებოდნენ.

"ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ ყველაფერს და დღეს მათ ნიკა მელია მიატოვეს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პლერულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს მხოლოდ ნიკა მელია ზის. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა სხდომას ნიკა მელიას თხოვნით არ ესწრება.

სესიაზე მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. სხდომას ესწრებიან მმართველი პარტიის ქართული ოცნების დეპუტატები, ასევე, ოპოზიციიდან პატრიოტთა ალიანსი და დამოუკიდებელი დეპუტატები, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფოხაძე და ეკა ბესელია.

დღეს, საქართველოს პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობს. პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რომელსაც მელიას დაკავება 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სურს.