შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე ქართული ოცნების ლიდერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, ეს 20 ივნისის ღამის საქმის გამოძიებაა. ამის შესახებ მან დღეს შერატონ მეტეხი პალასში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, სწრაფად უნდა დადგინდეს, თუ რა მოხდა, ვის უნდოდა პარლამენტში შეჭრა და მალევე აგონ პასუხი დამნაშავეებმა.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.