ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე ოპოზიციისა და აქცია #სირცხვილიას მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში მან არაერთი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტი დაწერა. გარდა ამისა, ის პოსტებს იმ გვერდებიდან აზიარებს, რომლებიც ოპოზიციის მიმართ დისკრედიტაციას ღიად ეწევა.

ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელიც ნინო ხუციშვილმა დაწერა ჰომოფობიური შინაარსისაა და "გაურკვეველი ორიენტაციის არსებებს" ახსენებს.

ფოტო: სქრინი / ნინო ხუციშვილის Facebook

პოსტთან დაკავშირებით On.ge ყვარლის მუნიციპალიტეტის დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა მან განგვიცხადა, რომ ჩვენთან კომუნიკაცია და განმარტების გაკეთება არ სურდა.

"არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს... საკრებულოში რომ ვმუშაობ, არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება მაქვს On.ge-სთან კომენტარი გავაკეთო. არაფერს არ აგიხსნით, რასაც ნიშნავს ეს მე ვიცი, აღარ დამირეკოთ", — გვითხრა ნინო ხუციშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა "ღირსეულად უნდა აღვასურლოთ" და "დაკვეთები არ უნდა შევასრულოთ".

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ყვარლის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტს წერს. რამდენიმე მისი სტატუსი აქცია #სირცხვილიას დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ხუციშვილმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სალომე ბარკერის ვიდეო გადაზიარა, რომელსაც აწერს: "ამისი დაორგანიზებული აქცია და იქ მდგომი სხვადასხვა ჯურის სექტანტები კი ორმაგად, ამაზე უფრო მეცოდებიან".

ფოტო: სქრინი / ნინო ხუციშვილის Facebook

ნინო ხუციშვილი ქართული ოცნების პირველი დეპუტატი არაა, რომელიც შეურაცხმყოფელ და დიკრედიტაციულ პოსტებს წერს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო ქუთაისის საკრებულოში, როდესაც მმართველი გუნდის წევრმა, ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

კოსტავა ქართულმა ოცნება — კონსერვატორებმა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. ამავე დღეს ის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს. ის გარიცხე პარტიიდანაც, რის შემდეგაც საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა.